“ანტიამერიკული კამპანია, გახშირებული თავდასხმები ამერიკის ელჩ კელი დეგნანზე და ბრალდებები თითქოს ამერიკა საქართველოს ომში ჩართვას ცდილობს” – ეს საკითხები ვაშინგტონში შეშფოთებას იწვევს. 24 ოქტომბერს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე ნედ პრაისმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საერთაშორისო პარტნიორების პოზიცია, რომ შეშფოთებულები არიან იმ განცხადებების გამო, რომელიც საქართველოს პოლიტიკური სისტემისა და ქართული საზოგადოების ზოგიერთი წარმომადგენლისგან მოისმინეს. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის ქმედებებმა, და დემოკრატიული რეფორმების შეფერხებამ, უკუსვლა გამოიწვია ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში და გააღრმავა საზოგადოებაში პოლარიზაცია.
“ჩვენ გამოვთქვით ჩვენი შეშფოთება ზოგიერთი შემაშფოთებელი განცხადებების გამო, რომელიც მოვისმინეთ საქართველოს პოლიტიკური სისტემისა და ქართული საზოგადოების ზოგიერთი წარმომადგენლისგან. ჩვენ გამოვთქვით შეშფოთება მთავრობის ზოგიერთ ქმედებებთან დაკავშირებით. მთავრობის ქმედებებმა, მათ შორის მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმების შეფერხებამ ან უკანდახევამ, უკუსვლა გამოიწვია. ამან ევროკავშირში გაწევრიანებისკენ საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობის მკაფიო მისწრაფებების და უფრო ფართოდ, მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების კუთხით, შეფერხება გამოიწვია. ჩვენ შეშფოთებული ვართ ამ ქმედებების გამო, რადგან ევროატლანტიკური ინტეგრაციის ძირითადი საკითხების გარშემო გაერთიანების ნაცვლად, ამან გააღრმავა პოლარიზაცია ქართულ საზოგადოებაში. დაფიქსირდა პოლარიზაციის მაღალი ხარისხი, რაც არ არის გამოსადეგი ქვეყნისთვის, ეს არაა სასარგებლო საქართველოს უფრო ფართო პოლიტიკური მისწრაფებებისთვის. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას საქართველოსთან, რათა განვახორციელოთ რეფორმები, რომლებიც საჭიროა მისი ევროატლანტიკური მიზნების მისაღწევად. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, გამოავლინოს თავისი ერთგულება ევროკავშირში ინტეგრაციისადმი, ამ გზაზე წინსვლისთვის აუცილებელი რეფორმების გატარებით,” – განაცხადა ნედ პრაისმა.
სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი ნედ პრაისი საქართველოში ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის, მიმართ ხელისუფლების წარმომადგენლების რიტორიკას მანამდეც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ელჩს ვაშინგტონისგან სრული მხარდაჭერა აქვს.