სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ვაკის პარკის საქმეზე დაკავებულ ცხრა პირს პატიმრობა შეეფარდა უფლებადამცველები გაასაჩივრებენ. ბრალდებულების ადვოკატები ამბობენ, რომ პროცესზე მათი დაცვის ქვეშ მყოფების წინააღმდეგ წარმოდგენილი მტკიცებულებბები საკმარისად დასაბუთებული არ ყოფილა და მოსამართლემ გადაწყვეტილება ემოციურ ფონზე მიიღო. მათივე თქმით, ბრალდებულები გამოძიებასთან პირველივე დღიდან თანამშრომლობენ და მათი მიმალვას ან ახალი დანაშაულის ჩადენისს საფრთხე არ არსებობდა. მიმალვას რომ არ აპირებდა ეს მოსამართლეს თავად უთხრა ერთ-ერთმა დაკავებულმა კომპანია “გრინსერვის +”-ის დირექტორმა, ლაშა ფურცხვანიძემ.
საქალაქო სასამართლოში გახმაურებული საქმის განხილვა გვიან ღამით დასრულდა. პროკურატურა შუამდგომლობის სახით 9-ვე ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა, ადვოკატები კი ბრალდებულების სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას, ან ალტერნატივის სახით გირაოს გამოყენებას.
ვაკის პარკის ახლადრებილიტირებულ შადრევანში ტრაგედია 13 ოქტომბერს დატრიალდა. მერვეკლასელებს პარკში თამაშის დროს შადრევანში ბურთი ჩაუვარდათ. ბურთის ამოსაღებად შადრევანში შესულ 3 მოზარდს დენმა დაარტყა. მომხდარის შედეგად 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა. ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე, დაკავებულია შადრევნის რეაბილიტაციასთან შემხებლობაში მყოფი 9 პირი. მათ გამოძიება სხვადასხვა დანაშაულს – სამსახურებრივ გულგრილობას, სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, ყალბი დოკუმენტის დამზადებას, დამზადებაში წაქეზებას და მის გამოყენებას ედავება.