უკრაინამ ბიძინა ივანიშვილის ოჯახი დაასანქცირა. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლიდიმირ ზელენსკის მიერ ხელმოწერილი ბრძანება დღეს გამოქვეყნდა. სანქცირებულთა სიაში არიან ბიძინა ივანიშვილის ძმა ალექსანდრე ივანიშვილი, რძალი ქეთევან ხარაიძე, დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი და მისი შვილი, ტატე მამაცაშვილი. უკრაინის ხელისუფლების მიერ შექმნილ სანქცირებულთა სიაში ასევე მოხვდა ბიზნესმენები დავით იაკობაშვილი, ალექსანდრე ჯაფარიძე და გიორგი ჯაფარიძე. სანქცირებულთა სია სულ 256 ადამიანისგან შედგება, მათ შორის არიან ცნობილი რუსი ოლიგარქები. პრეზიდენტი ზელენსკი ევროკავშირს და ამერიკას მოუწოდებს შეურთდნენ სანქციებს და გაატარონ მსგავსი შემზღუდავი ზომები. ზელენსკის ბრძანებას უსაფუძვლოს და პოლიტიკურ სპეკულაციას უწოდებს უჩა მამაცაშვილის ადვოკატი. ამირან გიგუაშვილი ამბობს, რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმის, რომ უჩა მამაცაშვილს ან მის ოჯახს რუსეთის ფედერაციასთან რაიმე კავშირი აქვს.
ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძანებულება რომლითაც ივანიშვილის ახლო ნათესავები დასანქცირდნენ 19 ოქტომბრით თარიღდება. დოკუმენტის თანახმად ივანიშვილის ოჯახის წევრებს დღეიდან ეზღუდებათ უკრაინის ტერიტორიაზე ქონების უფლება, სავაჭრო ოპერაციები; რესურსების, ფრენების და ტრანსპორტირების ტრანზიტი, უკრაინის ფარგლებს გარეთ კაპიტალის გატანა, ასევე ლიცენზიებითა და სხვა ნებართვებით სარგებლობა.