“თეთრი სახლი მკაცრად გმობს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის თავდასხმებს, რომელიც პუტინის სისასტიკეს წარმოაჩენს,” – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა. მან უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ, 725 მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულების პაკეტზე ისაუბრა, რომელიც აშშ-მა გასულ კვირას გამოაცხადა და ხაზი გაუსვა, რომ აშშ გააგრძელებს უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას მანამ, სანამ საჭირო იქნება. ბაიდენის ადმინისტრაციის პრესმდივანმა ირანის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზეც ისაუბრა. კარინ ჟან-პიერის განცხადებით, აშშ გააგრძელებს სანქციების დაწესებას როგორც რუსეთის, ასევე, ირანული იარაღით ვაჭრობის სფეროებზე, რადგან რუსეთი დრონებს ირანისგან იღებს.
“საჯაროდ ვაცხადებთ, რომ რუსეთმა ირანისგან დრონები მიიღო და რომ რუსი ოპერატორები ირანში ამ სისტემის გამოყენებას სწავლობენ. არსებობს მათი გამოყენების მტკიცებულებები როგორც სამხედრო, ასევე, სამოქალაქო ობიექტების წინააღმდეგ. ამავდროულად, ირანი განიხილავს კიდევ უფრო მეტი იარაღის გაყიდვას იმ შეჭრის მხარდასაჭერად, რომელსაც როგორც თავად ამბობენ, ეწინააღმდეგებიან. ჩვენ გავაგრძელებთ სანქციების დაწესებას როგორც რუსეთის, ასევე, ირანული იარაღით ვაჭრობის სფეროებზე,” – განაცხადა კარინ ჟან-პიერმა.