მოკლეს თუ თავი მოიკა – ახლა ამ კითხვას პასუხი ექსპერტიზამ უნდა გასცეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს ექსპერტიზა გუშინ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩაუტარდა. ოჯახის მოთხოვნით პროცესში ჩაერთნენ დამოუკიდებელი ექსპერტებიც. მათ დღეს პირველადი საასმართლო სამედიცინო ექსპერტიზის წინასწარი დასკვნა გამოაქვეყნეს. საიდანაც ირკვევა, რომ გარდაცვლილს ხილული ტრავმული დაზიანებები არ აღენიშნება, ასევე არ არის გამოვლენილი ძვლების ტრავმული დაზიანება. სიკვდილის ხანდაზმულობა კი 3-დან 5 დღემდეა.
მიუხედავად იმისა, რომ გარდაცვლილს გარეგანი დაზიანებები არ აღენიშნება მიხეილ რამიშვილი არ გამორიცხავს, რომ თამარ ბაჩალიაშვილი შესაძლოა მოკლეს. ოჯახის ადვოკატს გამოძიებასთან არაერთი კითხვა აქვს.
გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი ექსპერიზის ბიუროდან სახლში დღეს გადაასვენეს. ფონიჭალაში, 23 წლის გოგოს საცხოვრებელ სახლში ოჯახის წევრების გარდა გარდაცვლილის ახლობლები და მეგობრები იმყოფებიან. გარდაცვლილს ეზოში შეკრებილი მეზობლები სანთლებით ხელში დახვდნენ. ყველა მათგანი აცხადებს, რომ გავრცელებული ვერსიის, თითქოს ბაჩალიაშვილმა თავი მოიკლა არ სჯერად და დარწმუნებულნი არიან, რომ ახალგაზრდა გოგო თეთრიწყაროში მოტყუებით ჩაიყვანეს და შემდეგ მოკლეს. ოჯახიც და ახლობლებიც ვარაუდობენ, რომ მომხდარი გარდაცვლილის სამსახურს უკავშირდება.
თამარ ბაჩალიაშილი 5 დღიანი გაუჩინარების შემდეგ გარდაცვლილი თეთრიწყაროს ტყეში საკუთარ მანქანაში იპოვეს. ახალგაზრდა გოგონას ცხედარი მწყემსმა მანქანის უკანა სავარძელზე, მწოლიარე მდგომარეობაში აღმოაჩინა. გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. შეიცვლება თუ არა საქმის კვალიფიკაცია, ეს შესაძლოა ექსპერტიზის პასუხის შემდეგ გახდეს ცნობილი.