უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დიდი შვიდეულის ლიდერებს მოუწოდებს, უკრაინას საშუალო და შორი რადიუსის მოქმედების ანტისარაკეტო და საჰაერო თავდაცვის სისტემები გადასცენ. ამის შესახებ მან “დიდი შვიდეულის” სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც უკვე დაეხმარა უკრაინას ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის გაძლიერებაში, რაც საშუალებას აძლევს კიევს რუსეთის რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების ნაწილი გაანადგუროს.
“პუტინი პასუხს აგებს უკრაინაზე ბოლოდროინდელი თავდასხმებისთვის” – ამის შესახებ “დიდი შვიდეულის” ლიდერების სამიტის შემდეგ გამოქვეყნებულ საერთო განცხადებაშია ნათქვამი. G7-ის ლიდერები ასევე მზაობას გამოთქვამენ, უკრაინის მხარდაჭერა გააგრძელონ “იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება” და პირობას დებენ, რომ გააგრძელებენ უკრაინის ფინანსურ, ჰუმანიტარულ, სამხედრო, დიპლომატიურ და იურიდიულ დახმარებას.