“პუტინის გამარჯვება არა მხოლოდ უკრაინის მარცხი, არამედ ჩვენი მარცხიც იქნება” – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ალიანსის თავდაცვის მინისტრების შეხვედრამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. სტოლტენბერგის თქმით, ნატო-ს მხარდაჭერა დიდ როლს თამაშობს უკრაინის სუვერენიტეტისა და თავდაცვის მხარდაჭერის საკითხში. მისივე თქმით, პუტინმა დაიწყო ომი და მანვე უნდა დაასრულოს უკრაინიდან რუსული ძალების გაყვანით, ლუკაშენკომ კი უნდა შეწყვიტოს ბელარუსის თანამონაწილეობა კონფლიქტში. სტოლტენბერგმა ასევე ყურადღება გამახვილა ბირთვულ მუქარაზე. მისი თქმით, პუტინის ბირთვული მუქარა საშიში და უპასუხისმგებლო ქმედებაა.
“უკრაინას აქვს იმპულსი და აგრძელებს მნიშვნელოვან წინსვლას მაშინ, როდესაც რუსეთი სულ უფრო მეტად ირჩევს საშინელ, განურჩეველ დარტყმებს სამოქალაქო პირებსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე. პრეზიდენტი პუტინი წარუმატებლობას განიცდის უკრაინაში. მის მიერ განხორციელებული ანექსიის მცდელობა და ნაწილობრივი მობილიზაცია, ასევე უგუნური ბირთვული რიტორიკა წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვან ესკალაციას ომის დაწყების შემდეგ. ეს აჩვენებს, რომ ომი გეგმის მიხედვით არ მიდის. ნატო არ არის კონფლიქტის მხარე, თუმცა ჩვენი მხარდაჭერა გადამწყვეტ როლს თამაშობს. რუსეთმა იცის, რომ ბირთვულ ომში გამარჯვება შეუძლებელია და ის არასდროს უნდა მოხდეს. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით რუსეთის ბირთვულ ძალებს. რუსეთის პოზიციებში რაიმე ცვლილება არ გვინახავს, მაგრამ ფხიზლად ვრჩებით. ხუთშაბათს გაიმართება ბირთვული დაგეგმარების ჯგუფის რეგულარული შეხვედრა. ნატო-ს ბირთვული შეკავების ფუნდამენტური ამოცანა ყოველთვის იყო მშვიდობის შენარჩუნება და აგრესიის პრევენცია. მომავალ კვირას ნატო გამართვას დიდი ხნის წინ დაგეგმილ შეკავების სწავლებას. ეს არის რუტინული წვრთნები, რომლესაც ყოველ წელს ვატარებთ,” – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.