გადასცემენ თუ არა მიხეილ სააკაშვილს უკრაინას გამოკითხვისთვის – კიევის ბორისპოლის სასამართლოს მოთხოვნაზე, რომელმაც ექსპრეზიდენტის უკრაინაში საგამოძიებო მოქმედებისთვის დროებით გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო ხელისუფლების პასუხი ჯერჯერობით უცნობია. უკრაინულმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი, როგორც დაზარალებული 2017 წელს, უკრაინიდან პოლონეთში გაძევების საქმესთან დაკავშირებით უნდა დაკითხოს. თუმცა, მანამდე მისი უფლებადამცველი ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას და შესაბამისი მკურნალობის დანიშვნას ითხოვს.
უკრაინის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოდან უკრაინაში დროებით გადაყვანის გადაწყვეტილება გუშინ მიიღო. მესამე პრეზიდენტის ადვოკატის ინფორმაციით, უკრაინის იუსტიციის სამინისტრო აღნიშნულ გადაწყვეტილებას საქართველოს გადაუგზავნის, რის შემდეგაც მათი გადასაწყვეტია გადასცემენ თუ არა მოწმის სახით სააკაშვილს. მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტი ისევ ვივამედის კლინიკაში რჩება. მისი ოჯახის წევრები და ადვოკატები აცხადებენ, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა.