შესრულდება თუ არა ევროკომისიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომელიც დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის მიღებას ეხება – საკითხი პოლიტიკურ პარტიებს შორის ყველაზე სადავო საკითხად რჩება. “ქართულ ოცნებასაც” და ოპოზიციურ სპექტრსაც განსხვავებულად წარმოუდგენიათ, როგორც კანონპროექტის შნაარსი ასევე იმ პირთა სია, ვინც ოლიგარქებს შორის უნდა დასახელდეს. ოპოზიციის ნაწილისთვის მიუღებელია “ქართული ოცნების” მიერ უკრაინული კანონის პირდაპირ თარგმნა და ქართულ რეალობასთან მორგების მცდელობა. ოპონენტები მიიჩნევენ, რომ უკრაინული კანონი საქართველოს კონტექსტს არ ითვალისწინებს და ის, შესაძლოა, პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღადაც კი იქცეს. ხელისულფების ოპონენტებისთვის განსაკუთრებით მიუღებელია ხელისუფლების პოზიცია, რომლებიც ამტკიცებენ, რომ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტში ბიძინა ივანიშვილი სახელი ვერ მოხვდება.
ოპოზიცია ეჭვობს, რომ “ქართული ოცნება” ქვეყნის ევროპული მომავლისთვის მნიშვნელოვან კანონპროექტს საერთოდ ჩააგდებს. ოპონენტები მმართველ გუნდს ევროპარლამენტის რეზოლუციაში ჩანაწერსაც ახსენებენ, სადაც ერთადერთ ოლიგარქად ბიძინა ივანიშვილია დასახელებული.
დეოლიგარქიზაციის კანონის უკრაინული მოდელის ქართულ რეალობაზე მორგება არასწორად მიაჩნია საქართველოში ამერიკის ელჩს, კელი დეგნანსაც, დიპლომატი ამბობს, რომ დეოლიგარქიზაციის კანონი ქვეყანაში არსებული რეალობის გათვალისწინებით უნდა დაიწეროს და მისი რომელიმე სხვა ქვეყნის კანონიდან თარგმნა სათანადოდ ვერ იმუშავებს.
ვიდრე დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი პარლამენტში ოფიციალურად დარეგისტრირდება – მანამდე ოპოზიცია ალტერნატიულ კანონზე მუშაობს. მმართველი პარტიის თავმჯდომარე კი არ გამორიცხავს, რომ თუ პოლიტიკურ პარტიებს შორის კონსენსუსი არ მიიღწევა, ეს კანონი შეიძლება საერთოდ არ მიიღონ.