აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან – “ნაციონალური მოძრაობის” წევრები მიხეილ სააკაშვილთან საერთაშორისო ექსპერტის, ჯეიმს კობის შეშვებას ითხოვენ. ნობელიანტი ექიმი საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად, გუშინ, 3 ოქტომბერს ჩამოვიდა, თუმცა ჯანდაცვის სამინისტრომ მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად მისთვის ნებართვა არ გასცა. უწყებაში განმარტეს, რომ ჯეიმს კობის საექიმო საქმიანობის ლიცენზიის აღებაზე არასრულყოფილი დოკუმენტაციის გამო უთხრეს უარი. სააკაშვილის თანაგუნდელების თქმით, ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის სახელმწიფოს დიდი გამოწვევაა. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, ეს არის გამაფრთხილებელი აქცია და თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, შესაბამისი ნაბიჯები იქნება გადადგმული.
ჯანდაცვის სამინისტროსთან ამერიკელ ადვოკატთან ერთად მივიდა მიხეილ სააკაშვილის დედა. მათ უწყებაში საერთაშორისო ექსპერტის, ჯეიმს კობის დოკუმენტაცია ხელახლა წარადგინეს.
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო მიხეილ სააკაშვილის საქმეში ჩასართავად საქართველოში ჩამოსული უცხოელი ექიმის ლიცენზიასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, თავდაპირველად ჯეიმს კობის და სპეციალისტის, სტიუარტ ი. ფინკელის სამუშაო აქტივობის დამადასტურებელი დოკუმენტები არ იყო წარმოდგენილი, რის გამოც პროფესიული განვითარების საბჭომ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. მათივე ცნობით, 3 ოქტომბერს ცენტრ “ემპათიამ” ჯეიმს კობისა და სპეციალისტის, სტიუარტ ი. ფინკელის საქმიანობასთან დაკავშირებით დამატებითი დოკუმენტები წარადგინა, შესაბამისად, აღნიშნული საკითხი განხილული იქნება პროფესიული განვითარების საბჭოს პირველივე სხდომაზე.