ამერიკის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, გიორგი ვაშაძის განცხადებას პასუხობს. ამერიკელი დიპლომატი აქვე ადასტურებს, რომ ამერიკამ მოკავშირე ქვეყნებს უკრაინის ომში დახმარებისთვის მიმარტა, თუმცა რა პასუხი მიიღო საქართველოს ხელისუფლებისგან ელჩს აღარ დაუკონკრეტებია.
“რაც შეეხება ბოლოდროინდელ განცხადებებს იმის შესახებ, რომ აშშ-მა საქართველოს შესთავაზა ახალი ტიპის თავდაცვითი იარაღი. ეს განცხადებები სავსეა უზუსტობებით. ჩვენ ვთხოვეთ ყველა პარტნიორსა და მოკავშირეს მთელ მსოფლიოში, რომ ყველაფერი გაეკეთებინათ, რათა უკრაინას დახმარებოდნენ პუტინის მიერ წამოწყებულ სასტიკ ომში. უკრაინა იბრძვის თავისი დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის, ამიტომ, მას დახმარება სჭირდება. ჩვენ ასევე მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ არასდროს მოგვითხოვია საქართველოსთვის მეორე ფრონტის გახსნა. ჩვენ თავიდანვე ყველაფერს ვაკეთებდით, რომ ეს ომი არ დაწყებულიყო და ახლაც ყველაფერს ვაკეთებთ რომ ის რაც შეიძლება მალე დასრულდეს. ამერიკა რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების დასამყარებლად მუშაობს,” – განაცხადა კელი დეგნანმა.