ბელარუსი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან ურთიერთობის გაღრმავებას იწყებს. გუშინ ალექსანდრ ლუკაშენკოს აფხაზეთში ვიზიტი და მის მიერ ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევა ქართულმა მხარემ სიტყვიერად უკვე დაგმო, თუმცა, რა იქნება საქართველოს ხელისუფლების შემდგომი ნაბიჯები ამ ეტპზე უცნობია. არ არის გამორიცხული, რომ ლუკაშენკოს ე.წ ვიზიტს ბელორუსიდან ელჩის გამოწვევა მოჰყვეს, თუმცა ამაზე მმართველი პარტიის ლიდერები ჯერ-ჯერობით არ საუბრობენ. “ქართული ოცნების” წევრები ბელორუსის პრეზიდენტის ოკუპირებულ აფხაზეტში ვიზიტს გმობენ და აცხადებენ, რომ ლუკაშენკოს ნაბიჯი საერტაშორისო სამართალს და ქვეყნებს შორის ორმხრივ ურტიერთობებს ეწინააღმდეგება. მათი თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა მომხდარს შესაბამისი პასუხი გაეცეს. “ოცნება” ირწმუნება, რომ საქართველოს დამოკიდებულება იქნება უკომპრომისო და ხელისუფლება ფაქტს შემწყნარებლურად არ მიუდგება.
ბელარუსის პრეზიდენტის ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას გმობს საქართველოს პრეზიდენტიც. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ეს ორმხრივი ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაუშვებელი დარღვევაა.
ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ ვიზიტს მწვავე შეფასებები მოჰყვა ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტები ვარაუდობენ, რომ ბელორუსის პრეზიდენტის ბიჭვინთაში ჩასვლა, შესაძლოა იყოს მზადება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემდგომი აღიარებისთვის. ამიტომ პოლიტიკური პარტიების ნაწილი საკანონმდებლო ორგანოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და ასევე საგარეო უწყების წარმომადგენლების დაბარებას ითხოვს. ოპოზიცია აცხადებს, რომ ეს “ქართული ოცნების” სუსტი საგარეო პოლიტიკის შედეგია.
ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში ასევე გამოეხმაურნენ ავსტრიის ელჩი საქართველოში თომას მიულმანი და ლიეტუვის ელჩი საქართველოში ანდრიუს კალინდრა. უცხოელი დიპლომატები ამბობენ, რომ ბელორუსი რუსეტტან ერთად გაეროს ქარტიის მიმართ უპატივცემულობას იჩენს. ელჩებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს.
ბელარუსის ლიდერის კუპირებულ აფხაზეთში ვიზიტი ყურადღების მიღმა არ დარჩენია დასავლეთს. საერთაშორისო პარტნიორები ლუკაშენკოს გაეროს ქარტიის დარღვევაში ადანაშულებენ. ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრეს-სპიკერის, პიტერ სტანოს შეფასებით, ლუკაშენკოს ვიზიტი განხორციელდა საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, რომელსაც აქვს ერთადერთი ლეგიტიმური უფლებამოსილება აფხაზეთის რეგიონზე. პიტერ სტანო თვლის, რომ ლუკაშენკოს ვიზიტი არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას. „ლუკაშენკო ტერორისტია, ის პუტინთან ერთად დაასრულებს“ – ასე გამოეხმაურა ფაქტს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი. ევროპარლამენტარმა ბელორუსის პრეზიდენტის აფხაზეთში ვიზიტი შეაფასა და თქვა, რომ ეს ფაქტი არაფერს ნიშნავს.
ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში გუშინ ჩავიდა და ე.წ. პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას ბიჭვინთაში შეხვდა. ლუკაშენკომ თქვა, რომ ის და ვლადიმერ პუტინი მივიდნენ დასკვნამდე, რომ “აფხაზეთი არ უნდა მიატოვონ”. სოჭიდან გაგრის გავლით, ბიჭვინთაში ჩასულმა ბელარუსის პრეზიდენტმა აღიარა, რომ აფხაზეთის თემატიკა 2 დღის წინ, პუტინის აგარაკზე განიხილეს. აფხაზეთის ე.წ-მა საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ დღეს განაცხადა, რომ ისინი ბელორუსს შიდან პოლიტიკის მნიშვნელოვან მიმართულებად განიხილავენ და მესამე ქვეყნების, მათ შორის საქართველოს რეაქცის არ აღელვებთ.