ჟურნალისტი აფგან მუხთარლი პროკურატურისგან ბიძინა ივანიშვილის დაკითხვას მოითხოვს. ამის შესახებ მან სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. ჟურნალისტი ასევე მოითხოვს უფლებამოსილება შეუჩერდეს შს მინისტრს, რადგან მისი თქმით, თუ გომელაური თანამდებობაზე დარჩება, შეუძლია გამოძებას ხელი შეუშალოს. აფგან მუხთარლი საქართველოდან 2017 წლის 29 მაისს გაიტაცეს და აზერბაიჯანში 30 მაისს დააპატიმრეს. იგი საქართველოში აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან კრიტიკული პოზიციის გამო განხორციელებულ დევნას გაურბოდა. აზერბაიჯანში დაპატიმრების შემდეგ მუხთარლის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, კონტრაბანდისა და ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით სასამართლომ 6-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. სამწლიანი პატიმრობის შემდეგ 2020 წლის 17 მარტს აფგან მუხთარლი მოულოდნელად გაათავისუფლეს და სპეციალური რეისით გერმანიაში გადააფრინეს, სადაც 2019 წლიდან მისი მეუღლე და შვილი ცხოვრობენ.
“ჩამოვედი იმისთვის, რომ რამდენიმე შუამდგომლობა დავაყენო: პირველი – ეს სოსო გოგაშვილის განცხადებებია, რომელმაც თქვა რომ ჩემი გატაცების ორგანიზებაში მონაწილეობდნენ ივანიშვილი და შინაგან საქმეთა მოქმედი მინისტრი. მე მივმართავ პროკურატურას რომ ორივეს დაკითხვა მოხდეს ჩემს საქმეზე. ვაპირებ მივმართო მოქმედ პრემიერ მინისტრსაც რომ შეუჩეროს უფლებამოსილება შინაგან საქმეთა მინისტრს, იმიტომ რომ თუ გომელაური პოსტზე დარჩება მას შეუძლია გავლენა მოახდინის გამოძიებაზე. ხვალ ან ზეგ ჩემს ოფიციალურ მიმართვას მიიღებს პრემიერი და პარლამენტი,” – განაცხადა აფგან მუხთარლიმ.