მოსამართლის განჩინების საფუძველზე ყადაღა დაედო სოსო გოგაშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და უახლოესი გარემოცვის საცხოვრებელ ბინებს, მიწის ნაკვეთებს, ავტო და მოტო ტექნიკას, სასოფლო სამეურნეო ტექნიკას, ცეცხლსასროლ იარაღებს. გოგაშვილის სახლთან სამართალდამცელები დღეს დილით გამოჩნდნენ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსნის შვილმა ჯერ კიდევ 12 სექტემბერს თქვა, რომ მას და მისი ოჯახის წევრებს ქონება დაუყადაღეს. გოგაშვილის ადვოკატი ამტკიცებს, რომ ოჯახის კუთვნილი ავტომობილების ამოღება კანონდარღვევაა.
ყოფილი მაღალჩინოსანი საკუთარ სახლში 16 ივლისს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 3 მუხლით წარედგინა – სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა. 18 ივლისს მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე სოსო გოგაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 2021 წლის არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები ჰქონდა, რომლებიც “შესაბამის ორგანიზაციას” გადასცა. ყოფილ მაღალჩინოსანს ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.