“საქართველო უკრაინის გევრდით დგას” – საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაერო-ს უმაღლესი ტრიბუნიდან მსოფლიო ლიდერებს მიმართა. გაერო-ს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას, უკრაინის გარდა პრემიერმა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე, ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე, რეგიონის უსაფრთოების საკითხზე და საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი კი ევროინტეგრაციის საკითხს ეხებოდა. უმაღლესი ტრიბუნიდან მთავრობის მეთაურმა თქვა, რომ “საქართველო იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს”. პრემირი ირწმუნება, რომ 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმის ფარგლებში წინსვლა გვაქვს და გრაფიკსაც წინ ვუსწრებთ.
‘’2008 წელს ჩემს ქვეყანაში შემოიჭრა რუსეთი, რამაც ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტის მიმდინარე ოკუპაცია გამოიწვია. იმ ეტაპზე საერთაშორისო თანამეგობრობამ აღიარა ეს აგრესია, თუმცა, ვისწავლეთ, რომ მსოფლიო დემოკრატიებმა ერთად უნდა იმოქმედონ თავისუფლებისა და მშვიდობის გამარჯვების უზრუნველსაყოფად’’, ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობა ძლიერი მოტივაციაა ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეებისთვის. სრულად ვაცნობიერებთ, რომ ევროპულ პერსპექტივას მოჰყვება უზარმაზარი პასუხისმგებლობა ევროკავშირთან უმაღლესი პოლიტიკური, ეკონომიკური და სამართლებრივი თავსებადობის კუთხით. საქართველომ მყისიერად მოახდინა რეაგირება ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაზე და ევროკავშირის 12 პრიორიტეტის შესრულების სამოქმედო გეგმა წარმოადგინა. ყველა პრიორიტეტული მიმართულებისთვის შექმნილია სამუშაო ჯგუფები ყველა შესაბამისი დაინტერესებული წრისა და მხარის მონაწილეობით. წინსვლა გვაქვს და გრაფიკსაც ვუსწრებთ წინ. მკაფიოდ მინდა განვაცხადო, რომ საქართველო იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, რომელიც საბოლოოდ მასში გაწევრიანებას მოგვიტანს და თაობათა ოცნებას რეალობად აქცევს,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.