საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა კვლავ ევროკავშირს ირჩევს, ქვეყანაში პროდასავლური კურსის მხარდაჭერა მნიშვნელოვნდ გაიზარდა, ინსტიტუტებით იმედგაცრუება კი გრძელდება – ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი საზოგადოებრივი აზრის კვლევას აქვეყნებს, რომლის თანახმად, საქართველოს მოსახლეობა კვლავ ევროპული და ევრო-ატლანტიკური კურსის ერთგულია. 75% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, ხოლო გაწევრიანებაში მთავარ ხელშემშლელ ფაქტორად გამოკითხულთა 25% საქართველოს მთავრობის მხრიდან პოლიტიკური ნების ნაკლებობას ასახელებს. მსგავსი ტენდენცია მეორდება ნატო-ს მხარდაჭერის შემთხვევაშიც: ნატო-ში გაწევრიანებას მხარს 69% უჭერს; უმრავლესობა კი მთავარ ხელშემშლელ ფაქტორებად რუსეთსა და ოკუპირებულ ტერიტორიებს ასახელებს. ამასთან, მოსახლეობის რეკორდული მაჩვენებელი – 62% ამბობს, რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყანა არ არის და არასწორი მიმართულებით ვითარდება. ქვეყნის მიმართულებასთან დაკავშირებით ყველაზე კრიტიკულად თბილისის მცხოვრებლები და ოპოზიციის მხარდამჭერები არიან განწყობილნი.
ახალი კვლევა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის საკითხსაც შეეხო. გამოკითხულთა 56% ფიქრობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ კანდიდატის სტატუსის მისაღებად საკმარისი არ გააკეთა. ევროკავშირის კანდიდატობისთვის საჭირო რეკომენდაციების შესრულება ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა მხოლოდ 32% მოელის, რომ ხელისუფლება ამ რეკომენდაციებს შეასრულებს. საზოგადოება თანხმდება იმაზე, რომ ევროპული საბჭოს რეკომენდაციების შესრულების პროცესში ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების ჩართვა მნიშვნელოვანია, თუმცა მხოლოდ მესამედს სჯერა, რომ ხელისუფლება ამ პროცესში აღნიშნულ აქტორებს ჩართავს.
NDI -ს კვლევაში ინსტიტუტებისა და პოლიტიკური პარტიების მიმართ ნდობის შემცირების ტენდენცია გამოიკვეთა. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მიიჩნევს, რომ არავინ – არც მმართველი და არც ოპოზიციური პარტიები – მათი ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებენ. ასე ფიქრობს მათ შორის, გამოკითხული ახალგაზრდების 65%. უმრავლესობა კვლავ ფიქრობს, რომ პარლამენტი მოსახლეობის საჭიროებებს არ პასუხობს. გამოკითხული მოქალაქეების ნახევარზე მეტი, 56% კი მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო ორგანო მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე არ მუშაობს, 54%-ს არ სჯერა, რომ თუ პარლამენტის წევრს მათ დასახლებაში არსებული პრობლემების შესახებ ეტყვის, ის პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება. კვლევის თანახმად, გაიზარდა საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობის ნეგატიური შეფასების მაჩვენებელიც. სალომე ზურაბიშვილის საქმიანობას გამოკითხულთა 40% ცუდად აფასებს, 12% კი – კარგად. რაც შეეხება საქართველოს პრემიერ-მინისტრის საქმიანობას, გამოკითხულთა 35 % ირაკლი ღარიბაშვილის მუშაობას ცუდად აფასებს, 33% – საშუალოდ, 28% – კარგად, ხოლო 4%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს.
NDI-ის მიერ გამოკითხული მოსახლეობის უმეტესი ნაწილი პოლიტიკურად გადაუწყვეტელია – კვლევის თანახმად, მოსახლეობის უმეტესობამ არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას. კვლევის თანახმად, პარტიების მხარდაჭერის ინდივიდუალური მაჩვენებლები იმდენად დაბალია, რომ არჩევნების შედეგების გამოსაცნობად ვერ გამოდგება. კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, 25% “ქართულ ოცნებას” ასახელებს, 8% – “ნაციონალურ მოძრაობას”, 13% სხვა პარტიებს, გამოკითხულთა 54% კი ან უარს ამბობს პასუხზე ან ამბობს, რომ მის შეხედულებებთან ახლოს არცერთია პარტია არ დგას.
საქართველოს მოსახლეობას ყველაზე მეტად კვლავ სამუშაო ადგილები, ფასების ზრდა და სიღარიბე აწუხებს. ყოველი მესამე მოქალაქე ამბობს, რომ ბოლო 12 თვის მანძილზე ხშირად ჰქონია ისეთი შემთხვევა, როდესაც ოჯახის კვებისთვის თანხა არ ჰქონდა. ამასთანავე, მოსახლეობა ფიქრობს, რომ კრიმინალთან და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული სიტუაცია გაუარესდა. მოქალაქეების პრიორიტეტები პოლიტიკური სიმპათიების მიხედვით არ იცვლება, რაც, როგორც NDI აღნიშნავს, პარტიებისთვის თანამშრომლობისა და საქართველოს მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობის სტიმული უნდა გახდეს. მომავალზე საუბრისას, გამოკითხულთა უმეტესობა პესიმისტურად საუბრობს. მოსახლეობის 66% ეკონომიკის გაუარესებას, 58% პრორუსული ძალების გააქტიურებას, 49% რუსეთის სამხედრო აგრესიას, ხოლო 44% ევროკავშირთან ურთიერთობის გაუარესებას ელის.
კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ. ანგარიში 14 ივლისიდან – 15 აგვისტომდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,104 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. ინტერვიუები ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე ჩატარდა. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2 პროცენტია.