საქართველოში კორონავირუსის კიდევ 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითიც ინფიცირებულების რაოდენობა 1049-მდე გაიზარდა. ვირუსი კიდევ სამმა ადამიანმა დაამარცხა და გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 903 გახდა. ახალი შემთხვევებიდან 5 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, 3 იმპორტირებული, 2 საკარანტინო სივრციდან, 2-ის ინფიცირების წყარო კი უცნობია და ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს. 3 ახალი პაციენტი დაემატა თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს, რომელთაგან ერთის წყაროს დადგენა მიმდინარეობს. მარინა ეზუგბაიას თქმით ბოლო პერიოდში მომატებული შემთხვევები პანიკის საფუძველს არ იძლევა. ოფიციალური მონაცემებით კარანტინის რეჟიმში 5 692 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 275 პირი რჩება. კორონავირუსით საქართველოში 16 პაციენტი გარდაიცვალა.
კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევიდან 3 გარდაბნის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა, სადაც ბოლო პერიოდში ინფიცირებულების რაოდენობამ მკვეთრად მოიმატა. თუმცა, მიუხედვად ამისა გარდაბნის მუნიციპალიტეტი არ ჩაიკეტება. ეს გადაწყვეტილება დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს, სადაც ასევე გადაწყდა, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში თერმოსკრინინგი გააქტიურდება და გამკაცრდება კონტროლი ბაზრებსა და ბაზრობებზე.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის თქმით ბოლო დღეებში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობის ზრდა საყურადღებოა, თუმცა ეპიდსიტუაცია მართვადია. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით ბოლო ერთ კვირაში COVID-19-ის 63 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 7-ის პირველწყარო კი დაუდგენელია. დაავდებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ზომების გამკაცრების აუცილებლობა არ არის და თუ საზოგადოება ყველანაირ რეკომენდაციას დაიცავს, ქვეყანას არავითარი საშიშროება არ ემუქრება.