“ქართული ოცნებიდან” ფორმალურად წასული დეპუტატები მორიგ წერილს აქვეყნებენ. წერილის შინაარსი კვლავ ანტიდასავლურ განწყობებს შეიცავს, თუმცა ამჯერად მისი ადრესატი, არა საქართველოში ამერიკის ელჩი – კელი დეგნანი, არამედ მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი და ყოფილი სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილიეა. სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე და გურამ მაჭარაშვილი, ეველინ ფარკასის მიერ, “რადიო თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუს ეხმიანებიან, რომელშიც ის ამბობდა, რომ საქართველოს მთავრობა უფრო აქტიურად უნდა იყოს ჩართული რუსეთის სანქცირებაში. დეპუტატთა ოთხეული თვლის, რომ ფარკასის გზავნილები უკრაინელი პოლიტიკოსების განცხადებებს ემთხვევა და კიდევ ერთხელ ადასტურებს ფაქტს, რომ საერთაშორისო პარტნიორები და უკრაინელი მაღალჩინოსნები საქართველოს ომისკენ უბიძგებენ. ე.წ ოთხეულის თქმით, ფარკასმა ინტერვიუში, კელი დეგნანისგან განსხვავებით, ბევრი რამის ღიად თქმა გაბედა.
“როდესაც მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი ღიად მოგვიწოდებს სანქციებით რუსეთის პროვოცირებისა და რუსეთთან სამხედრო კონფლიქტში ჩართვისკენ, ვფიქრობთ, საზოგადოებას აქედან ძალიან მარტივი დასკვნების გამოტანა შეუძლია” – ნათქვამია წერილში.