ერთი თვე გიორგი შაქრაშვილის გარდაცვალებიდან და კვლავ პასუხგაუცემელი კითხვები. მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია და სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო ამტკიცებს, რომ ფეხბურთელის გარდაცვალების მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, შემთხვევის გარემოებები კვლავ ბუნდოვანია. არასამათავრობო ორგანიზაცია ემპათია, რომელიც რეზონანსული საქმის დეტალებს დამოუკიდებლად იძიებს, მძიმე ვერსიებზე საუბრობს. მათი შეფასებით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ფეხბურთელი ორი დღის განმავლობაში ცოცხალი იყო. მათთვის საეჭვოა ისიც, რომ ცხედარს გარკვეული მანიპულაციები აღენიშნებოდა, რასაც გვამური ლაქებიც მოწმობს. შაქარაშვილის ოჯახის მიერ დაქირავებული კერძო ექსპერტი კი დღესაც ამტკიცებს, რომ დასკვნაში დაწერილი ფრაზა – “ცხედარს ე.წ. გვამური გაშეშება აღენიშნებოდა”, მექანიკური შეცდომაა.
როგორ აღმოჩნდა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში – ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად საგამოძიებო უწყებამ კიდევ ერთი თვე ითხოვა. დააკმაყოფილებს თუ არა სასამართლო გენერალური პროკურატურის მოთხოვნას რამდენიმე დღეში გაირკვევა. ბრალდებულთა ინტერესების დამცველებისთვის კი გაუგებარია, რა მტკიცებულებების მოპოვებას შეძლებს უწყება დანაშაულიდან ერთი თვის შემდეგ. ადვოკატები საქმის მასალების გადაცემას ითხოვენ.
პარალელურად, დაკითხვები ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს შინაგან საქმეთა სამინისტროში. გამოძიებას კითხვები აქვს საბედისწერო დაბადების დღის მონაწილე თითქმის ყველა პირთან. უწყება ახალგაზრდების სოციალური ქსელებით ინტერესდება – თუ რა მიმოწერები ჰქონდათ მათ ერთმანეთთან 18 ივნისის ღამეს, რის შემდეგაც ახალგაზრდა ფეხბურთელი არაგვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე გაუჩინარდა.
მოწმის სახით გამოკითხული პირების ხელახლა გამოკითხვას ითხოვენ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული მორაგბეების, არჩილ გაგნიძისა და ვასილ მახარაძის ადვოკატები. იურისტებს სურთ, რომ იაკობ ბრეგაძემ, ვახო ახვლედიანმა, გურამ ამირხანაშვილმა, კოკო ღიბრაძემ და გიორგი ქათამაძემ ჩვენება მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მისცენ.
გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ პოლიციას სპორტსმენის ოჯახმა 19 ივნისს აცნობა. დაკარგული 19 წლის ფეხბურთელი 4 დღიანი ძების შემდეგ მაშველებმა მდინარე არაგვში იპოვეს. ამ დრომდე ბუნდოვანია, როგორ აღმოჩნდა გიორგი შაქარაშვილი მდინარეში. ერთკვირიანი საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ, გახმაურებულ საქმეზე 17 პირი დააკავეს. მათ გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებულ ჯგუფურ ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და ამავე ძალადობაში მონაწილეობასა და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებოდა. თუმცა მას შემდეგ, რაც ექსპერტიზამ დადგინა, რომ ცხედარს სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები აღენიშნებოდა, სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას, დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობაც დაემატა. თუმცა ვისი დანაშაული გამოიკვეთება მკვლელობის ნაწილში, ისევ ბუნდოვანია.