„ქართული ოცნება“ საშემოდგომო სესიაზე პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება. საქმე ეხება მოსმენების კანონპროექტს, რომელიც ვენეციის კომისიამ დაიწუნა და გააკრიტიკა. კომისია თვლის, რომ საქართველოში მოსმენების შესახებ კანონპროექტი ნაჩქარევადაა მიღებული და ზემოქმედების შეფასებასა და დეტალურ დასაბუთებას მოითხოვს. “ქართული ოცნებისთვის” კრიტიკა მიუღებელია. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის მოსაზრებაში სამართლებრივი არგუმენტები ვერ ამოიკითხეს.
მოსმენების კანონთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის დასკვნა 26 აგვისტოს გამოქვეყნდა. დასკვნაში წერია, რომ საქართველოში არაადეკვატურია ფარული თვალთვალის ღონისძიებების ზედამხედველობის მექანიზმი და აუცილებელია არსებული ფარული თვალთვალის სისტემის გადახედვა. კანონპროექტი “ქართული ოცნების” დეპუტატების ინიცირებულია და ის პარლამენტმა მესამე მოსმენით 7 ივნისს მიიღო. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების პროექტს მხარი 78 დეპუტატმა დაუჭირა. გახანგრძლივდა ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებული ვადები და გაიზარდა ის დანაშაულები, რომლებზეც ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება იქნება დასაშვები. ცვლილებებით ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების საერთო ვადა არაუმეტეს 9 თვემდე გაიზარდა და ის სამ ეტაპად ჩატარდება, გარდა საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საგამონაკლისო შემთხვევებისა. 22 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა კანონს ვეტო დაადო.