კორონავირუსი ავღანეთში მყოფ კიდევ 10 ქართველ სამხედრო მოსამსახურეს დაუდასტურდა. ინფიცირებულები გერმანიის საჰაერო ძალების სპეციალური რეისით სამშობლოში დღეს ჩამოიყვანეს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ინფიცირებული სამხედროების საქართველოში გადმოყვანა, ნატო-ს სარდლობის გადაწყვეტილებით, ორ ეტაპად განხორციელდა. მათივე ინფორმაციით, პირველ ეტაპზე გადმოყვანილი 28 სამხედრო მოსამსახურიდან რვა გამოჯანმრთელდა და სამედიცინო დაწესებულება უკვე დატოვა. ახლად დაინფიცირებული სამხედროები საქართველოში ჩამოფრენამდე სპეციალურ საიზოლაციო სივრცეებში იყვნენ მოთავსებული, აქ კი ისინი მკურნალობას თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში გააგრძელებენ.
საქართველოში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა დაფიქსრიდა და ქვეყანაში ინფიცირფებულთა საერთო რაოდენობა 1010 გახდა. გასული 24 საათის განმავლობაში ორით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც და ვირუსი საერთო ჯამში 883 პირმა დაამარცხა. ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან ყველა შემოტანილია. 4 დაინფიცირებულიდან ერთი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, სამი კი საკარანტინო ზონაში დადასტურებული შემთხვევაა. ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით, კარანტინის რეჟიმში 5640 ადამიანი იმყოფება. სტაციონარში დაკვირვების ქვეშ კი 244 პირი რჩება.