“აგვისტოს ომის დღეებში ,,ქართულმა ოცნებამ” კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საქართველოს პრორუსული ხელისუფლება ჰყავს” – დავით არახამიას ამ განცხადების გამო “ქართული ოცნების” ლიდერების კრიტიკის სამიზნე ამჯერად უკრაინის რადას დეპუტატი გახდა. მმართველი გუნდი არახამიას “ნაციონალური მოძრაობის” წევრად მოიხსენიებს. უმრავლესობის ლიდერებმა მას ურჩიეს საქართველოს შიდაპოლიტიკურ საქმეებში არ ჩაერიოს. მართველ პარტიაში “ხალხის მსახურის” ლიდერის მიერ გაკეთებული განცხადებები არამეგრობრულად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ქართული მხარე მათ სათანადო პასუხს გასცემს.
დავით არახამიამ გუშინ ვიდეო გაავრცელა, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რუსეთის მიმართ კრიტიკული განცხადებები არ მოუსმენია. არახამია ამბობს, საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი პირების მხრიდან რუსული ნარატივის მეტი ვერაფერი მოისმინა. არახამია ასევე იმ ფაქტს გამოეხმაურა, რომელიც რადას დეპუტატებისთვის დიპლომატიური პასპორტების ჩამორთმევას ეხება. ზელენკის გარემოცვის წევრი ამბობს, რომ დიპლომატიური პასპორტების ჩამორთმევის ინიციატივა მას ეკუთვნის, სანაცვლოდ – ის ახალ პასპორტს დემონსტრაციულად აჩვენებს, რომელშიც ამერიკის შეერთებული შტატების 5-წლიანი სამთავრობო ვიზაა.