საქართველოში რუსების უკონტროლო შემოდინებაზე საუბრობს “ნაციონალური მოძრაობა” და საქართველოს მთავრობას და იუსტიციის სამინისტროს, რუსეთის მოქალაქეებისთვის კონკრეტული შეზღუდვების დაწესების შეთავაზებით მიმართავს. როგორც ლევან ხაბეიშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში ყოფნის ხანგრძლივობის უფლება ერთ თვემდე უნდა შემცირდეს. ამასთან, ბინადრობის უფლების მოპოვებაზე, საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე და სამეწარმეო საქმიანობის რეგისტრაციაზე შეზღუდვები უნდა დაწესდეს.
“ნაციონალური მოძრაობის” კიდევ ერთი მოთხოვნა არის, რომ საქართველოში შემომსვლელ რუსეთის მოქალაქეებს, რუსული ოკუპაციის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარების ვალდებულება დაეკისროთ.