“დასავლეთმა უნდა შემოიღოს ახალი სანქციები და ჩაკეტოს საზღვრები რუსეთის ყველა მოქალაქისთვის, ვინაიდან ისინი სხვას მიწას ართმევენ” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა Washington Post-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის ყველა მოქალაქე უნდა დაბრუნდეს სამშობლოში და თავის წილი პასუხისმგებლობა იქონიონ მიმდინარე მოვლენებზე, რადგან ვლადიმერ პუტინი მათი არჩეულია და ისინი რეჟიმს არ ებრძვიან. ტრადიციულ ვიდეომიმართვაში კი უკრაინის პირველმა პირმა 2008 წლის აგვისტოს ომი გაიხსენა და თქვა, რომ კავკასიის ამ ნაწილში რუსეთის აგრესიის გაგრძელების საფრთხე ისევ არსებობს. მისი თქმით, რუსეთ-საქართველოს ომი ჯერ არ ჩაბარებია წარსულს და მაშინდელი გამოწვევები დღესაც აქტუალურია.
“ამ დღეებში ხალხი იხსენებს 2008 წლის რუსეთის ომს საქართველოს წინააღმდეგ. ბევრს საუბრობენ ამ ომის წინაპირობებზე, მის შედეგებზე. იმის შესახებ, თუ როგორ გაზარდა რუსეთის ხელისუფლების გამბედაობა იმ წელს უკრაინისა და საქართველოს ნატო-ში წევრობის სამოქმედო გეგმის გადაცემაზე უარის თქმამ. მაგრამ მაინც, იმდროინდელი ომი ჯერ კიდევ არ გახდა ისტორია, მთლიანად არ ჩაბარებია წარულს. ამიტომ, იმაზე მეტი საუბარია საჭირო, თუ რა შეიძლება გაკეთდეს, ვიდრე მომხდარზე. იმდროინდელი გამოწვევები დღესაც აქტუალურია. და არა მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთის შემდგომი აგრესიის საფრთხე კავკასიის ამ ნაწილში ჯერ კიდევ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ ის გაყინულია. მხოლოდ ახლა დაიწყო მსოფლიომ გააცნობიეროს რეალური, ეფექტური ინსტრუმენტების საჭიროება ასეთი აგრესიების აღსაკვეთად და ნებისმიერი აგრესორის პასუხისგებაში მიცემის მიზნით,” – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.