“დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების – შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის წინააღმდეგ წარმოებული, ცილისმწამებლური და დეზინფორმაციული კამპანია,” – ამ მოწოდების შესახებ საუბარია წერილში, რომელსაც 48 ოპოზიციონერი დეპუტატი ავრცელებს. ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში აღნიშულია, რომ მმართველი პოლიტიკური ძალის ანტიდასავლური კამპანიის მიზანი საქართველოს დასავლეთთან დაშორება და ოკუპანტი სახელმწიფოს პირისპირ მარტო დატოვებაა. საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ემიჯნებიან “ქართული ოცნების” ხელისუფლების “ცილისმწამებლურ და დეზინფორმაციულ კამპანიას” და მხარდაჭერას უცხადებენ საქართველოში აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს და ევროკავშირის ყოფილ ელჩს, კარლ ჰარცელს.