პარტიები “მოქალაქეები“ და „გირჩი“ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და იმ სამ ძირითად ნაბიჯს ასახელებენ, რომლის გადადგმაც ევროკომისიის 12 რეკომენდაციას უპასუხებს. მიიჩნევენ, რომ დეპოლარიზაციისთვის უმნიშვნელოვანესია მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკიდან გავიდეს, ბიძინა ივანიშვილი კი პოლიტიკაში დაბრუნდეს. გარდა ამისა, ყურადღებას ამახვილებენ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებაზე, რაც საარჩევნო ბარიერის დაწევასაც გულისხმობს. დეპუტატები აღნიშნავენ, რომ დროა ქართულ პოლიტიკაში უმიზნო დაპირისპირებებისა და ოპონენტისაგან მტრის ხატის შექმნის პრაქტიკა დასრულდეს, სადაც პოლიტიკურ ამინდს მხოლოდ ორი ურთიერთდაპირისპირებული პოლიტიკური ძალა განსაზღვრავს, რომელთა დღის წესრიგი არა საგნობრივი პრობლემების მოგვარებაზე, არამედ ურთიერთბრალდებებსა და პირადი პოლიტიკური ამბიციების დაკმაყოფილებაზეა ორიენტირებული.
“აუცილებელია ორპარტიულობისა და პოლარიზაციის შემცირების მიზნით, ბარიერის დაწევა, რაც გააჯანსაღებს პოლიტიკურ ველს, საშუალებას მისცემს ახალ პოლიტიკურ პარტიებს წარმოდგენილნი იყვნენ საკანონმდებლო ორგანოში და გააჟღერონ საზოგადოების ყველა სოციალური ჯგუფის ხმა. დეპოლარიზაციისკენ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იქნება ასევე, მიხეილ სააკაშვილის, როგორც ფაქტორის გასვლა ქართული პოლიტიკური სივრციდან. მის მიერ, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება, შეამცირებს პოლარიზაციას, გააჯანსაღებს ქართულ პოლიტიკურ ველს, მმართველ პოლიტიკურ ძალას კი გამოაცლის „მტრის ხატს”, რომელთან პოლემიკაც ორმხრივი სიძულვილის ენაზეა აგებული. ასევე, მნიშვნველოვანია საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მასთან დაკავშირებული რისკები, არ გახდეს ქვეყნისათვის ისტორიული სირცხვილის გამეორების წინაპირობა. ბოლო დროინდელმა პოლიტიკურმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ თვალნათლივ დაგვანახა, რომ ბიძინა ივანიშვილი ქართული პოლიტიკიდან შორს არ არის. პოლარიზაციის შემცირების კუთხით, რაც თავის თავში დეოლიგარქიზაციის ვალდებულების შესრულებასაც მოიცავს, აუცილებელია ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება ქართულ პოლიტიკაში. იმისთვის, რომ ქვეყანა სწორ კონსტიტუციურ ჩარჩოს დაუბრუნდეს, პოლიტიკური პასუხისმგებლობა პროცესებზე უნდა აიღოს იმან, ვინც შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებს ან ამ გადაწყვეტილების მიღების ყველანაირი რესურსი გააჩნია. საჭიროა, ყველა ფორმალური პოლიტიკური აქტორი, განსაკუთრებით ისეთი გავლენიანი, როგორც ბიძინა ივანიშვილია, დაბრუნდეს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში და მან როგორც პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღებმა სუბიექტმა, მის პოლიტიკურ გუნდთან ერთად, აიღოს პასუხისმგებლობა და ამ პასუხისმგებლობის ფარგლებში მიიღოს მონაწილეობა შემდეგ საპარლამენტო არჩევნებში,” – “მოქალაქეების” და “გირჩის” განცხადება.