იტალიური კომპანია „დემაკლენკო“ საქართველოს მთავრობისა და სახელმწიფო კომპანია „ემთიეის“ წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს. საუბარია, ბაკურიანში გათოვლიანების სისტემის მოწყობის 137 მილიონ ლარიან პროექტზე, რომელსაც ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული, მთის ტრასების სააგენტო, ემთიეი ახორციელებს. კომპანიის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულმა კომპანიამ ბაკურიანის გათოვლიანების სისტემის მონტაჟის შესახებ, 90 მილიონ ნახევრიანი კონტრაქტი, სავარაუდოდ კორუფციული სქემებით გააფორმა, რასაც ტენდერში მათი წინადადების დისკალიფიკაცია მოჰყვა. იტალიური კომპანია “დემაკლენკო”, ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში, ავსტრიულ კომპანია “ტექნოალპინთან” ერთად მონაწილეობდა. ავსტრიულმა კომპანიამ ტენდერში გამარჯვება შეძლო, თუმცა იტალიურ კომპანიაში მიიჩნევენ, რომ ტენდერის პირობები „ტექნოალპინზე“ იყო მორგებული.