სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად გუდაურთან დაღუპული მფრინავები – ლევან ჩოხელი, ზაზა ლორია, დიმა ქააძე, ანდრო ქუჯოშვილი, მაშველები – კახა ტორჩინავა გიორგი მარგიანი, ექიმები – ქეთი გულაგაშვილი და გიორგი ვენეცკი საგვარეულო სასაფლაოებზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. მანამდე, სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა. ტრაგიკულად დაღუპულები უკანასკნელ გზაზე ახლობლებმა, თანამშრომლებმა, რიგითმა მოქალაქეებმა გააცილეს.
29 ივლისს, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენის დროს, 2 პირი კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდა. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდა ეკიპაჟის 4 წევრი, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 ექიმი.ბორტზე მყოფი ეკიპაჟის რვავე წევრი დაიღუპა. რაც შეეხებათ პარაპლანისტებს, ერთ გადარჩა, ხოლო მეორე – უცხოელი ტურისტი დაიღუპა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით, რაც საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.