ღია ცის ქვეშ დარჩენილი უკრაინელებისთვის თავშესაფრის ძებნას პარტია „დროა“ იწყებს. ელენე ხოშტარია მთავრობის მიერ თბილისსა და რეგიონებში უკრაინელი მოქალაქეების თავშესაფრითა და კვებით უზრუნველყოფის პროგრამის დასრულებას გამოეხმაურა და საზოგადოებასა და ბიზნესსექტორს ლტოლვილების დახმარებისკენ მოუწოდა. 1000-ზე მეტი ქუჩაში დარჩენილი უკრაინელისთვის საკვებისა და ჰუმანიტარული დახმარების შეგროვება დაწყებულია. ხოშტარიას ინფორმაციით, დაფინანსების გარეშე დარჩენილ ოჯახებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, დაჭრილი ბავშვები და მოხუცები არიან. მისივე ინფორმაციით, გონიო-ქობულეთიდან 21, თბილისის სხვადასხვა სასტუმროდან კი – 30 ოჯახი უკვე გაიყვანეს.
უკრაინელი ლტოლვილების ღია ცის ქვეშ დატოვების შემდეგ, საკითხზე განმარტება გააკეთა ჯანდაცვის მინისტრმა. ზურაბ აზარაშვილი პოლიტიკოსებს მოუწოდებს პროვოკაციებს თავი დაანებონ. აზარაშვილმა აღნიშნა, რომ ყველა სპეკულაცია და ამ საკითხის „პოლიტიკურ თემებში“ გადაყვანა მიზანშეუწონელია. დღეს თბილისის მერიამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ დედაქალაქში მცხოვრები უკრაინის მოქალაქეების თავშესაფრითა და კვებით უზრუნველყოფის პროგრამა დასრულდა, რომელიც დაანონსებული ერთი თვის ნაცვლად ოთხი თვე გაგრძელდა და ამ მიზნით, დედაქალაქის ბიუჯეტიდან 14 მილიონი ლარი დაიხარჯა. თბილისის მერიის განმარტებით, 15 ივლისიდან საქართველოში მცხოვრები უკრაინის მოქალაქეთათვის სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამა ამოქმედდა, რომლის ფარგლებში, ოჯახზე თვეში 300 ლარი, ხოლო ოჯახის თითოეულ წევრზე – 45 ლარი გაიცემა. რაც შეეხება თბილისში მყოფი უკრაინელი დევნილებისთვის არსებულ უფასო მუნიციპალურ სერვისებს, კვლავ ძალაში რჩება საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობა, მუნიციპალური საბავშვო ბაღების, სახელოვნებო და სპორტული სკოლების მომსახურება.
უკრაინიდან ლტოლვილები, რომლებიც თავშესაფარს საქართველოში ეძებენ, აცხადებენ, რომ ქუჩაში რჩებიან და წასასვლელი არსად აქვთ. მათი ნაწილი ამბობს, რომ პროგრამის ამოწურვის შესახებ გვიან გაიგეს. მათივე თქმით, მერიის მიერ შეთავაზებული 300-ლარიანი დახმარებით, ბინის ქირაობა გაზრდილი ფასების გათვალისწინებით, წარმოუდგენელია. რთულ სიტუაციაში არიან ლტოლვილები ბათუმშიც.