“თუ საქართველო მნიშვნელოვან რეფორმებს განახორციელებს, ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებს” – ასეთია საქართველოში ოფიციალურად მყოფი, ევროპარლამენტარების მთავარი გზავნილი. ევროპელელმა კანონმდებლებმა კიდევ ერთხელ თქვეს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება პირდაპირაა დაკავშირებული რეკომენდაციების შესრულებასთან. მათი შეფასებით, დეპოლარიზაცია ერთ-ერთ მთავარ საკითხად რჩება და რეკომენდაციების შესრულების პროცესი ინკლუზიური უნდა იყოს, ისინი პასუხისმგებლობას პოლიტიკურ ელიტას აკისრებენ. რაც შეეხება დეოლიგარქიზაციის საკითხს, ევროდეპუტატები ამბობენ, რომ ამ თემას სისტემური მიდგომა სჭირდება.
განხილვის მთავარი თემა ევროკომისიის 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებაზე ევროპელმა დეპუტატებმა დღეს ოპოზიციასთან იმსჯელეს. ხელისუფლების ოპონენტებმა, ევროპელ კოლეგებთან მმართველი პარტიის ანტიდასავლურ რიტორიკაზე ისაუბრეს. ოპოზიციას არ აქვს მოლოდინი, რომ ეს ვიზიტი ქართული ოცნების ანტიდასავლურ განწყობებს შეცვლის. ოპოზიციასთან შეხვედრამდე, ის ევროპელი დეპუტატები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებასა და დეოლიგარქიზაციას ითხოვენ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდნენ. შეხვედრა თითქმის ერთ საათს გაგრძელდა, თუმცა მედიასთან შალვა პაპუაშვილს დღეს არ უსაუბრია.
ევროდეპუტატების თქმით, მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოების აზრიც. სწორედ ამიტომ, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ევროპარლამენტარებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და სახალხო დამცველს შორის შეხვედრა გაიმართა. საუბარი შეეხო მართლმსაჯულების სისტემის რეფორმასა და საარჩევნო სისტემაში გასატარებელ ცვლილებებს. არასამთავრობოების განცხადებით, ევროპარლამენტარები ელოდებიან, რომ ხელისუფლება ფუნდამენტურ რეფორმებს განახორციელებს. სახალხო დამცველი კი ევროპელ კანონმდებლებს ევროინტეგრაციის მიმართულებით, მის მანდატზე ესაუბრა. ნინო ლომჯარიას თქმით, უცხოელი მაჩალჩინოსნები პოლიტიკური პატიმრების, ნიკა გავრამიას და მიხეილ სააკაშვილის საკითხებითაც დაინტერესდნენ.
ევროპარლამენტარების 6 კაციან დელეგაციას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელი დევიდ მაკალისტერი ხელმძღვანელობს. მის შემადგენლობაში ასევე არიან, ვიოლა ფონ კრამონი, სვენ მიქსერი, ზელიანა ზოვკო, ტერი მარიანი და ასიტა კანკო. ევროპარლამენტარები საქართველოს გარდა, სომხეთსა და აზერბაიჯანსაც ეწვევიან.