ევროკავშირის ელჩი საქართველოს ემშვიდობება. სპეციალურ ვიდეო მიმართვაში, რომელიც ევროკავშირის წარმომადგენლობის Facebook გვერდზე ვრცელდება, კარლ ჰარცელი მადლობას უხდის საქართველოს მოსახლეობას და ამბობს, რომ მათი სულისკვეთებით აღფრთოვანებულია. ჰარცელი თავის მიმართვაში ასევე ხაზს უსვამს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და იმედოვნებს რომ ქვეყანა იმ შესაძლეობლობას, რომელიც გასულ თვეს მიიღო წარმატებით გამოიყენებს. კარლ ჰარცელი დიპლომატიურ მისიას საქართველოში 2018 წლიდან ასრულებს, უფლებამოსილების 4-წლიანი ვადა კი მიმდინარე წლის სექტემბერში ეწურება. მას სავარაუდოდ, ევროკავშირის საგარეო სამსახურის წარმომადგენელი, პაველ ჰერჩინსკი შეცვლის.
“არ შეიძლება არ დავაფასოთ ის, რომ ევროკავშირმა საქართველო პოტენციურ მომავალ წევრად ოფიციალურად აღიარა. მიუხედავად იმისა, რომ წინ არაერთი ბრძოლაა, ჩვენთვის საამაყოა, რომ ვართ ამ ისტორიული მომენტის მომსწრენი და გვჯერა, რომ ამ მომენტით შექმნილ შესაძლებლობებს საქართველო წარმატებით გამოიყენებს. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ისტორიის მანძილზე არაერთხელ დაამტკიცეთ, რომ უკან დახევას არ ეგუებით, არამედ იმიტომაც, რომ საქართველო ევროპულ საფუძველს ეყრდნობა. საქართველოც იღებდა მონაწილეობას იმ ღირებულებების ჩამოყალიბებაში, რასაც დღეს ევროპულ ღირებულებებს უწოდებენ და ამიტომ, გაქვთ შესაძლებლობა, წვლილი შეიტანოთ ევროპის გაძლიერებაში,” – განაცხადა კარლ ჰარცელმა.