დეოლიგარქიზაციის აუცილებლობის შესახებ ევროპარლამენტარების პირდაპირ და მკაფიო გზავნილებს “ქართული ოცნება” თავდასხმებით პასუხობს. სტრატეგიულმა პარტნიორებმა გუშინ ღიად თქვეს, რომ დეოლიგარქიზაცია უდრის დებიძინიზაციას და დეივანიშვილიზაციას, რაც, როგორც აღმოჩნდა “ქართულ ოცნებას” ძალიან არ მოეწონა. მმართველ გუნდში მიიჩნევენ რომ ევროპარლამენტარები პიროვნულ პოლიტიკურ ბრძოლას უცხადებენ ივანიშვილს. გარდა ამისა სახელისუფლებო გუნდი ევროპარლამენტარებს ევროპულ სტანდარტებს უწუნებს, რაც მათი შეფასებით სხვა ქვეყნის პოლიტიკურ საქმეში ჩარევას უკავშირდება.
გუშინ, ევროპარლამენტში, საქართველოსთან დაკავშირებით დებატები გაიმართა. ევროპარლამენტარებმა საქართველოში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობაზე, მათ შორის, დეოლიგარქიზაციაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ქვეყანაში ერთადერთი ოლიგარქია და ეს ბიძინა ივანიშვილია. სწორედ დეოლიგარქიზაციაა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იმ 12 პუნქტიდან, რომელიც საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის უნდა შეასრულოს, თუმცა “ქართული ოცნება” ოლიგარქად თვლის ყველას, გარდა ივანიშვილისა.