“დასავლეთმა ვადების გადაწევით საქართველოში პოლიტიკური ტემპერატურის დაწევა სცადა” | 14.07.2022

გადაწყვეტილებაზე, რომლითაც საქართველოს ევროკომიის  მიერ მიცემული  12 რეკომენდაციის შესასრულებელი ვადა 2023 წლამდე გაუხანგრძლივდა, დღეს პოლიტიკოსები აფასებენ. ოპოზიციაში ამბობენ,  რომ თარიღის გადაწევა მმართველი გუნდის ანტიდასავლური რიტორიკის შედეგია და ეს “ქართულ ოცნებას”  რეკომენდაციების შესრულების პასუხისმგებლობას არ უხსნის. ამბობენ იმასაც, რომ დასავლეთმა ვადების გადაწევით  საქართველოში პოლიტიკური ტემპერატურის დაწევა სცადა, რათა  თავიდან აიცილონ ქვეყანაში  პოლიტიკური სპეკულაციები, როგორიც არის  ქვეყნის ომში ჩართვის მცდელობა და რევოლუციური სცენარების განვითარება. ოპოზიციური პარტიები ფიქრობენ, რომ თარიღის გადავადებამ შესაძლოა ხელი შეუწყოს პოლიტიკურ მხარეებს შორის შეთანხმებასაც.  მმართველ გუნდში კი თქვეს, რომ  ხელისუფლება ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესს კარგად უძღვება, კარი გაიღო თანამშრომლობისთვის და ერთობლივი მუშაობით, დეპოლარიზაციის საკითხიც გადაიჭრება.