საფრანგეთში საქართველოს ელჩი, თეა კატუკია თანამდებობას ტოვებს. ყოფილი ელჩი გადადგომის მიზეზად საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან “მუდმივ რეჟიმში განხორციელებულ ზეწოლას” ასახელებს. როგორც კატუკია აღნიშნავს, საელჩოში არაერთი სერიოზული დარღვევისა და სტრუქტურული გაუმართაობის მოწმე გახდა, რაც მისივე შეფასებით, მნიშვნელოვან ზიანს აყენებს საფრანგეთში საქართველოს წარმომადგენლობის ინტერესებს და იმიჯს.
“დღეს მე ვტოვებ საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის თანამდებობას. გადადგომის თაობაზე ჩემს გადაწყვეტილებას წინ უძღოდა საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან ელჩის თანამდებობაზე დანიშვნის პირველი დღიდან ჩემზე მუდმივ რეჟიმში განხორციელებული ზეწოლა. პირველივე დღიდან გავხდი საელჩოში არაერთი სერიოზული დარღვევისა და სტრუქტურული გაუმართაობის მოწმე, რაც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს საფრანგეთში საქართველოს წარმომადგენლობის ინტერესებსა და იმიჯს. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ფუნქციის შესრულება მომიწევდა მუდმივი შეურაცხყოფის, ცილისწამების, ზეწოლის, შევიწროებისა და მუქარის კონტექსტში, რაც სათავეს იღებს სისტემაში ღრმად დამკვიდრებული კლანური და კლიენტისტური პრაქტიკიდან, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის იმ ღირებულებებთან, რომლებსაც ვიცავ და იმ მიზნებსა და მისწრაფებებთან, რაც საქართველოს მიმართ გამაჩნია. დღეს ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი და მისი დემოკრატიული განვითარება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მთავრობის პოლიტიკურ არჩევანზე არის დამოკიდებული. აღნიშნულ გადამწყვეტ კონტექსტში კი, მნიშვნელოვანი საკადრო და სტრუქტურული პრობლემები, რამდენადაც თავად გავხდი მოწმე და რომლის წინაშეც დგას საქართველოს დიპლონატიური სამსახური, ხელს უშლის ქვეყანას ეფექტური საგარეო პოლიტკის გატარებაში ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევების საპასუხოდ. თუკი დღეს ვტოვებ ელჩის ფუნქციას, ჩემი მზერა არ შორდება საქართველოს, ახალ პროფესიულ ეტაპზეც განვაგრძობ ქვეყნის პოლიტიკურ და დემოკრატიულ განვითარებაზე ზრუნვას და ძალისახმევას არ დავიშურებ, რათა ევროკავშირისკენ და ზოგადად, დემოკრატიული, პროგრესული და ტოლერანტული ღირებულებებისკენ საქართველოს სვლა გახდეს შეუქცევადი,” – წერს თეა კატუკია.
საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის, თეა კატუკიას მიერ თანამდებობის დატოვებას ეხმაურება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და აცხადებს, რომ ელჩმა თანამდებობა წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე დატოვა. ამასთან, სამინისტრო თეა კატუკიას მიერ გაკეთებულ განცხადებას ცილისმწამებლურს უწოდებს.