ერთკვირიანი ულტიმატუმის ვადის ათვლა დაწყებულია. ვადის ამოწურვამდე რამდენი დღე რჩება – მოძრაობა “შინ ევროპისკენ” პრემიერ-მინისტრის გადადგომას და მთავრობის ახალ შემადგენლობას ითხოვს. მიზანი კი, იმ 12 პუნქტის შესრულება უნდა იყოს, რომელიც ევროკომისიამ საქართველოსთან მიმართებაში წინაპირობებად დააყენა.
მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ ყველა რეგიონში ჩავა და თითოეულ მოქალაქემდე მიიტნას ინფორმაციას, რეალურად რა შანსი და შესაძლებლობა დააკარგინა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ქართველ ხალხს. ახალი სახალხო მოძრაობის წარმომადგენლებს ამ ხელისუფლების პირობებში, რაიმე სახის რეფორმის მოლოდინი არ აქვთ, მათი თქმით, მთავრობას ქვეყნისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებების მისაღებად 10 წელი ჰქონდა. საორგანიზაციო ჯგუფის წევრები ამბობენ, რომ ეროვნული თანხმობის მთავრობაში მოქმედი პოლიტიკოსები არ იქნებიან და ეს უნდა იყოს პროფესიული ნიშნით, კონსენსუსით შერჩეული გუნდი.
ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის მოთხოვნა დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ევროკომისიის რეკომენდაციის საფუძველზე ევროსაბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი – არა. ევროსაბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და კანდიდატის სტატუსის მიღებამდე საქართველოსგან წინაპირობების შესრულება მოითხოვა. სამოქალაქო საზოგადოების მოთხოვნები 24 ივნისს აქციაზე მოძრაობა “სირცხვილიას” ერთ-ერთმა აქტივისტმა, შოთა დიღმელაშვილმა გააჟღერა. როგორც მან თქვა, თუ პრემიერი თანამდებობას 1 კვირაში არ დატოვებს, 3 ივლისს სამოქალქო აქტივისტები, საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები და რიგითი მოქალაქეები ისევ ქვეყნის მთავარ გამზირზე შეიკრიბებიან.