ბრიუსელში ევროპული საბჭოს ლიდერები შეიკრიბნენ. ევროკავშირის დედაქალაქში 27-ი ქვეყნის ლიდერმა უნდა გადაწყვიტოს მიიღებს თუ არა საქართველო კანდიდატის სტატუსს. უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება, შესაძლოა, დღეს გახდეს ცნობილი. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსს მისცემენ, საქართველოს კი ევროპული საბჭო ძლიერ ევროპულ პერსპექტივასა და საგზაო რუკას მისცემს, რაც იმ რეკომენდაციებს გულისხმობს, რომლებიც ქვეყნის ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს. ბრიუსელში ამბობენ, რომ გადაწყვეტილება იქნება მკაფიო გზავნილი ევროკავშირის მხრიდან რომ ეს სამი ქვეყანა ევროპას ეკუთნის.
გასულ კვირას ევროკომისიამ სამი ასოცირებული ქვეყნის განაცხადებთან დაკავშირებით თავისი შეფასებები გამოაქვეყნა, რომელთა მიხედვითაც, ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს რეკომენდაცია მისცა, უკრაინას და მოლდოვას მიენიჭოთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, ხოლო საქართველოს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა და შეფასდეს, როგორ ასრულებს ის პირობებს კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე. სტატუსის მოსაპოვებლად ქვეყანას 12 მოთხოვნის შესრულება მოუწევს, მათ შორის ერთ-ერთი დეოლიგარქიზაციას შეეხება.