პრემიერის გუშინდელი გამოსვლა პარლამენტში დღეს პოლიტიკური განხილვების მთავარი თემაა. შეფასებებში კრიტიკულია ოპოზიცია. ამბობენ, რომ ქვეყნის პრემიერმა ვითარების შემსუბუქების ნაცვლად, პოლარიზაცია კიდევ უფრო გააღრმავა. ხელისუფლების ოპონენტები თვლიან, რომ პრემიერმა ღარიბაშვილმა საპარლამენტო ტრიბუნა მხოლოდ ოპოზიციის ლანძღვისთვის გამოიყენა, რითაც დაადასტურა, რომ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას, ეს ხელისუფლება არ ჩქარობს. პრემიერის რიტორიკა ოპოზიციას აძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შანს დაკარგავს.
“ქართული ოცნებისთვის” ოპოზიციის შენიშვნები და ბრალდებები მიუღებელია. მმართველი პარტიის ლიდერები ერთხმად ამბობენ, რომ ქვეყანაში შექმნილ კრიზისზე, მათ შორის ევროინტეგრაციის გზაზე შექმნილ დაბრკოლებაზე პასუხისმებლობა, სწორედ ოპოზიციის პასუხისმგებლობაა. “ქართული ოცნების” ლიდერები აცხადებენ, რომ ოპონენტების მიზანი, ხელისუფლებაში დაბრუნებაა.