გაიგზავნოს ევროკავშირში ერთობლივი მიმართვა – საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ინიციატივით გამოდის, ქვეყნის ლიდერებმა გზავნილი ევროპულ საბჭოს გადასცენ. წერილში საუბარია იმაზე, რომ ე.წ. “აღმოსავლეთის პარტნიორობის ტრიოდან“ საქართველოს ცალკე გამოყოფა, და მოლდოვასა და უკრაინისგან განსხვავებული სტატუსის მინიჭება საქართველოს უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს. მიმართვაში აღნიშნულია, რომ საქართველოსთვის ახლა გადამწყვეტი მომენტი დგას, მნიშვნელოვანია მოგვენიჭოს კანდიდატის სტატუსი ამის შემდეგ კი ქვეყანას დაეკისროს, იმ მოთხოვნების შესრულება, რომელიც ევროკავშირისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. ჯერჯერობით წერილზე ხელმოწერის თანხმობა ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა და პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარეებმა: დავით ბაქრაძემ, დავით უსუფაშვილმა, კაკო ასათიანმა და ნინო ბურჯანაძემ განაცხადეს. ამ ეტაპზე უცნობია სალომე ზურაბიშვილის და პარლამენტის სხვა თავმჯდომარეების პოზიცია.
“ძალიან სამწუხაროა იმის ნახვა, რომ საქართველომ – ერთ დროს აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერმა და ევროპული ტრანსფორმაციის ნათელმა მაგალითმა, თანდათანობით დაკარგა სამეულში მოწინავე აქტორის რეპუტაცია. მიუხედავად ყველაფრისა, საქართველო რჩება ყველაზე პროევროპულ ქვეყნად რეგიონში. ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოს ევროპული ინტეგრაციის სახალხო მხარდაჭერამ, რაც ამჟამად 83%–ს შეადგენს, სტაბილურად რჩებოდა ნებისმიერი პარტიის, ლიდერის, უწყების თუ პოლიტიკური პროგრამის მხარდაჭერაზე მაღალ ნიშნულზე, რადგან ქართველთა აბსოლუტურ უმრავლესობას აერთიანებს იმის რწმენა, რომ ისინი ევროპელები არიან მათი იდენტობით და მათი ქვეყნის ბედისწერას ევროპის ერთიან ოჯახთან შეერთებაში ხედავენ. რაც მთავარია, ეს არჩევანი ქართულმა საზოგადოებამ არაერთხელ დაადასტურა, მიუხედავად რუსეთის მიერ სუვერენული საქართველოს ტერიტორიის 20%–ის ოკუპაციისა, რუსული არმიის მერ ჩადენილი სისასტიკეებისა ამჟამად ოკუპირებულ ქართულ ტერიტორიებზე – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, რომლებიც წინ უძღვოდა ბუჩას და ირპენის საშინელებებს. მიუხედავად რუსეთის მაღალინტენსიური ჰიბრიდული ომისა, რომელსაც რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ აწარმოებს 2008 წლიდან, მან ვერ შეძლო ამის შეცვლა.ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, შევასრულოთ ყველა რეკომენდაცია და მტკიცედ გვჯერა, რომ პროგრესი საქართველოში უკეთ იქნება მხარდაჭერილი ევროკავშირის თანაბარი მიდგომის შემთხვევაში ასოცირებული ტრიოს ყველა ქვეყნის მიმართ. ჩვენ ვთვლით, რომ საქართველო იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად. ამ განსაკუთრებით რთულ რეალობაში ტრიოს ფორმატის დაშლამ შეიძლება კიდევ უფრო შეარყიოს ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი,” – გიორგი მარგველაშვილის ინიციატივა.