ქვეყანა ევროკავშირის ისტორიულ გადაწყვეტილებას კვლავ მძიმე პოლიტიკური რეალობით ელოდება. პრემიერი ღარიბაშვილი ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას აპროტესტებს. ამბობს, რომ ევროპელი დეპუტატების მიერ მხარდაჭერილი დოკუმენტი სამარცხვინო და ანტისახელმწიფოებრივია. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მთავრობის სხდომაზე თქვა, თუ საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ვერ მიიღებს, ეს ხელისუფლების პასუხისმგებლობა არ იქნება.
ევროკავშირი თავის გადაწყვეტილებას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, 24 ივნისს გამოაცხადებს. იქამდე, კი მათი მხრიდან პირველადი პასუხი 17 ივნისს იქნება. ევროპარლამენტმა 9 ივნისს, საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევისა და ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე რეზოლუცია მიიღო, რომლითაც მხარი დაუჭირა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას და ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას. ამავე რეზოლუციაში საუბარია მოსამართლეების წინააღმდეგ სანქციებზეც. რეზოლუციას მხარი ევროპარლამენტის 308 დეპუტატმა დაუჭირა.