“პატრონი მოუკვდათ დესტრუქციულ ძალებს” – ეს განცხადება დღეს მთავრობის მეთაურმა, ოპოზიციაზე საუბრის დროს გააკეთა. პრემიერ-მინისტრმა დესტრუქციული ძალების პატრონად გარდაცვლილი პიტერ აკერმანი, მოიხსენია, რომელიც „არაძალადობრივი კონფლიქტების საერთაშორისო ცენტრის“ დამფუძნებელია. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე აკერმანი საქართველოში იმყოფებოდა. იგი ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
მთავრობის სხდომიდან ირაკლი ღარიბაშვილმა მიმართა ევროპის ერთ-ერთ ყველაზე დიდ პარტიას, EPP-ს, რომელმაც “ქართული ოცნება” არაერთხელ გააკრიტიკა დემოკრატიისთვის ძირგამომთხრელი საქმიანობის გამო. პრემიერის თქმით, რომ არა ბიძინა ივანიშვილი, დღეს ქვეყანაში მეორე მარიუპოლი იქნებოდა.
პრემიერმა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე 20 ივნისის, ევროინტეგრაციის მომხრეთა აქციაზეც ისაუბრა და თქვა, რომ თუ ადგილი ექნება გარკვეულ პროვოკაციებს, ხელისუფლება იქნება მკაცრი და “კანონით მონიჭებული ძალით” დაიცავს მოქალაქეების მშვიდობას.