ევროპელმა დეპუტატებმა საქართველოში პრესის თავისუფლების კუთხით არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს. საინტერესოა, ის რომ მმართველი პარტიის მიმართ კრიტიკული გზავნილები სტრასბურგიდან „ქართული ოცნების“ პარტნიორი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმაც გააჟღერეს. ამბობენ, რომ საქართველო მედიის თავისუფლების მიმართულებით 89-ე ადგილზეა და რაც ევროკავშირის წევრობის გზაზე, სირთულეს ქმნის. ევროპარლამენტში რამდენჯერმე გაიჟღერა „ტვ პირველის“ გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას სახელმა. 5 ივლისის სისხლიანი მოვლენების გამოუძიებელი საქმე ევროდეპუტატების კრიტიკის მთავარი მიზეზი იყო, თქვეს რომ ხელისუფლებას ლექსოს გარდაცვალების საკითხზე ბევრი აქვს ასახსნელი. ევროპარლამენტარები თვლიან, რომ მტკიცე სამართლებრივი ჩარჩოს მიუხედავად, საქართველოში ჟურნალისტებისა და მედიის წარმომადგენლების ფიზიკური უსაფრთხოება მნიშვნელოვნად გაუარესდა და პრობლემები და გამომწვევები, რომელიც საქართველოს წინაშეა, მედიას სცდება.
ევროპარლამენტის ყველა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელმა გუშინ „ქართული ოცნება“ მწვავედ გააკრიტიკა. ევროპის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში დებატების დროს არ ყოფილა ერთი დეპუტატიც კი, რომელმაც მმართველი პარტია დაიცვა.
„საქართველოს ევროპულ გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება მიზნობრივი სანქციების დაწესება ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მიმართ“ – ეს განცხადება გავლენიანმა დეპუტატმა, მირიამ ლექსმანმა გააკეთა, რომელმაც დებატები სწორედ ივანიშვილზე საუბრით გახსნა. ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების აუცილებლობაზე ისაუბრა ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამაც.
ევროპარლამენტში არ დარჩენილა არცერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც 17-მა ევროდეპუტატმა არ ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მხარდაჭერის მნიშვნელობაზეც. ამბობენ, რომ საქართველომ დემოკრატიული რეფორმების გატარების თვალსაზრისით ტემპი დაკარგა. უმაღლესი ტრიბუნიდან ევროპარლამენტარებმა საქართველოს მთავრობას მოუწოდეს, გაატარონ რეფორმები, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანას შანსი არ ექნება რომ ევროკავშირის კარი გაიღოს. გარდა ამისა, “ქართულ ოცნებას” მოსთხოვეს, გაათავისუფლონ “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, რადგან ამ მიმართულებითაც მათ გარკვეული კითხვის ნიშნები უჩნდებათ. ევროპარლამენტარებმა პირდაპირ თქვეს, რომ მიუხედავად ბევრი პრობლემისა და გამოწვევისა, ქართველი ხალხი ევროკავშირის წევრი კანდიდატის სტატუსს იმსახურებს, რადგან ევროინტეგრაცია ქართველი ხალხის უმრავლესობისაგან მხარდაჭერილია და ძალიან ბევრი პოლიტიკური ელიტის წარმომადგენელმა იბრძოლა იმისთვის, რომ საქართველო ამ გზაზე დამდგარიყო.
ევროპარლამენტში დებატები გუშინ გაიმართა. უპრეცედენტო კრიტიკის პარალელურად, ევროპელმა დეპუტატებმა პირდაპირ თქვეს, რომ თუ საქართველო ევროკავშირის კრიტერიუმებს არ შეასრულებს, მაშინ ქვეყნისთვის ევროპული კარი არ გაიხსნება.