“ვიცოდი, პუტინი რამეს მოიმოქმედებდა. ამიტომ ვიყავი ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების წინააღმდეგი” | 08.06.2022

“ვიცოდი, რომ პუტინი რამეს მოიმოქმედებდა. სწორედ ამიტომ ვიყავი ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების წინააღმდეგი – რამაც იმედი გაუცრუა საქართველოს და უკრაინას” – ამის შესახებ გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, პოსტის დატოვების შემდეგ თავის პირველ ინტერვიუში ისაუბრა. ანგელა მერკელმა 2008 წელს, უკრაინისა და საქართველოსთვის ნატო-ში გაწევრების სამოქმედო გეგმის დაბლოკვა იმით ახსნა, რომ არ სურდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პროვოცირება. მერკელი საკუთარ თავს მიღებული გადაწყვეტილებების გამო, არ ადანაშაულებს და თვლის, რომ შეუძლებელი იყო უსაფრთხოების ისეთი არქიტექტურის შექმნა, რომელსაც ამ ომის თავიდან აცილება შეეძლო.  გერმანიის ყოფილი კანცლერის შეფასებით რუსეთის ქმედება სასტიკი თავდასხმაა, რომელიც საერთაშორისო სამართალს არღვევს და გამართლება არ აქვს.

“მიხარია, რომ არ მიწევს საკუთარი თავის დადანაშაულება, რომ ძალიან ცოტა გავაკეთე ისეთი მოვლენების პრევენციისთვის, რაც ახლა ხდება. ზელენსკიმ ცოტა ხნის წინ განაცხადა, უკრაინა ნატო წევრი რომ ყოფილიყო, ჩვენ აქტიურად დავიცავდით მას, თუმცა ეს პროცესია და ამ პროცესში ვიცოდი, რომ პუტინი მოიმოქმედებდა რამეს, რაც არ იქნებოდა კარგი უკრაინისთვის. სწორედ ამიტომ ვიყავი წინააღმდეგი და შედეგი იყო უარი წევრობის სამოქმედო გეგმაზე საბოლოო ჯამში, რამაც იმედი გაუცრუა საქართველოსა და უკრაინას. იმისთვის, რომ ნატო არ დაშლილიყო სრულად, რადგან აღმოსავლეთ ევროპელები ყველა მომხრე იყო, პრეზიდენტი ბუში მომხრე იყო, ჩვენ მაშინ ვთქვით, რომ გარკვეულ ეტაპზე მას შეუძლია, გახდეს ნატოს წევრი. პუტინი უკმაყოფილო იყო ამით და მზადყოფნაში იყო, მაგრამ ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, ეს არ ამართლებს პუტინის ქმედებებს დღეს. მინდა ვთქვა, რომ ეს იყო იმ დროს ჩემი მოტივები,” – განაცხადა ანგელა მერკელმა.