“განსხვავება არაა კუბილიუსსა და გუბაზ სანიკიძეს შორის და რასას და სამადაშვილს შორის” – ასე აფასებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ევროპარლამენტარების, ანდრიუს კუბილიუსისა და რასა იუკნევიჩიენეს ღია წერილს, რომელშიც მათ მმართველ პარტიას, ოპოზიციასა და ქართველ ხალხს მიმართეს.
ევროპარლამენტარებმა ღია წერილი, გუშინ, 6 ივნისს გაავრცელეს. ისინი ქართველ ხალხს და პოლიტიკურ სპექტრს მიმართავენ. ამბობენ, რომ დღეს მთავრობის პასუხისმგებლობაა შეასრულოს ვალდებულებები და ევროკავშირის სტანდარტები დააკმაყოფილოს. საუბარია იმაზეც, რომ მთავრობამ უნდა გააცნობიეროს ის, რომ პრობლემები წყდება თბილისში და არა ბრიუსელში. მათივე თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე ევროკავშირის გადაწყვეტილების პროგნოზირება რთულია, თუმცა პოლიტიკურ პარტიებსა და საქართველოს მოსახლეობას “ნაკლებად პოზიტიური შედეგის” შემთხვევაში იმედი არ უნდა გაუცრუვდეთ და “ევროკავშირში შესვლისთვის ძალები გააერთიანონ”. წერილში საუბარია მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას პატიმრობაზეც. ევროპელი დეპუტატები თვლიან, რომ პოლიტიკური ჩიხი კვლავ მოუგვარებელია, შარლ მიშელის შეთანხმება კი კვლავ არაა იმპლემენტირებული. გარდა ამისა, ევროდეპუტატებისთვის გაუგებარია საქართველოს პოზიცია უკრაინისთვის დაწესებულ საერთაშორისო სანქციებთან დაკავშირებითაც.