კომპანია “ბორჯომის” თანამშრომლები პროტესტს აგრძელებენ. ერთ-ერთი ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს ინციდენტი მოხდა. პიკეტირების დროს აქციის მონაწილეები ცდილობდნენ, ქარხნის ტერიტორიიდან არ გაეშვათ ავტობუსი, რომელშიც რამდენიმე ადამიანი იჯდა. გზის გახსნას პოლიციელები ცდილობდნენ, რასაც ადგილზე არეულობა მოყვა. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათი პროტესტის გამო, კომპანიამ ქარხანაში უცხო ქვეყნის მოქალაქეები დაასაქმა. “ბორჯომის” ორ ჩამომსხმელ ქარხანაში დასაქმებულებს ხელმძღვანელებთან რამდენიმე მოთხოვნა აქვთ – გათავისუფლებული 50 ადამიანის დაუყოვნებლივ სამსახურში აღდგენა და ხელფასების 25%-ით მომატება.
მიმდინარე აქცია, დღეს განცხადებით ეხმიანება კომპანია “ბორჯომი”, რომელიც წერს, რომ საფუძველს მოკლებულია ინფორმაცია, თითქოს კომპანიაში საქართველო უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმება მიმდინარეობს. “კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ჩვენ მივესალმებით მედიაციის პროცესს, რომლის მიზანიც ვითარების ნორმალიზება და კონსტრუქციულ ჭრილში გადატანაა,” – აცხადებენ, კომპანია “ბორჯომში”.
კომპანია “ბორჯომს” პრობლემები მას შემდეგ შეექმნა, რაც მისი მფლობელი, რუსი მილიარდერი- მიხაილ ფრიდმანი- საერთაშორისო სანქციების ქვეშ მოხვდა. ქარხნიდან დაითხოვეს 49 თანამშრომელი. 1000-მდე დასაქმებული კი კომპანიის ხელმძღვანელობასთან მედიაციის პროცესში ჩაერთო. 19 მაისს “ბორჯომის“ მაკონტროლებელმა კომპანიამ საქართველოს მთავრობას წილების ნაწილის უსასყიდლოდ გადაცემა შესთავაზა. როგორც გუშინ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, ეკონომიკის სამინიტრო ამ საკითხზე მოლაპრაკებებს ასრულებს და კომპანიის არცერთ თანამშრომელს პრობლემა არ შეექმნება.