გამოძიებამ 19 წლის ფეხბურთელის საქმეში დიდუბის ეპიზოდის ახალი ფიგურანტის ვინაობა დაადგინა – შინაგან საქმეთა სამინიტრო ამტკიცებს, რომ 19 ივნისის ღამეს თეთრპერანგიანი მამაკაცი, რომელიც შაქარაშვილის საქმის მთავარ ფიგურანტს – გუკა ამირხანაშვილს ვიდეო კადრებში გარკვეული პერიოდის განმავლობაში ესაუბრებოდა, ლაშა ლურსმანაშვილია. ეს ვერსია, შინაგან საქმეთა სამინიტროში გამოკითხვის შემდეგ დაადასტურა თავად ლურსმანაშვილმაც. ამბობს, რომ კადრებში სწორედ ის ფიგურირებს, თუმცა განმარტავს, რომ ამირხანაშვილი იმ ღამეს პირველად ნახა და ამირხანაშვილმა მას სატელეფონო ზარის განხორციელება სთხოვა. არის თუ არა ლაშა ლურსმანაშვილი ის პირი, რომელიც ფეხბურთელის საქმეზე გავრცელებულ ვიდეო კადრებში გამოჩნდა, კითხვა საზოგადოების ნაწილს იმის გამო გაუჩნდა, რომ ლურსმანაშვილისა და კადრებში დაფიქსირებული თეთრპერანგიანი მამაკაცის აღნაგობა ერთმანეთისგან განსხვავებულია.
შინაგან საქმეთა სამინისტროში თითქმის ხუთი საათი კითხავდნენ ავთო ბილანიშვილს, იგივე კაწროს, რომელიც მედიაში გავრცელებული პირველადი ინფორმაციით, სწორედ კადრებში დაფიქსირებული თეთპერანგიანი მამაკაცი იყო. ბილანიშვილმა მედიასთან კომენტარი არ გააკეთა. როგორც მისმა უფლებადამცველმა თქვა, ბილანაშვილი საქმის არცერთ ეპიზოდში არ ფიგურირებს, ის არც გიორგი შაქარაშვილს და არც ამ საქმის სხვა მონაწილეებს არ იცნობს.
რეზონანსულ საქმეზე კი ახალი დეტალები თითქმის ყოველდღე ირკვევა. აღმოჩნდა, რომ მცხეთაში, ნარეკვამის დასახლებაში მომხდარი ტრაგედიიდან რამდენიმე საათში დაბადების დღის ღონისძიება თემქაზე, იუბილარ ანა გაბეჩავას ნათესავის სახლში გაგრძელდა. ჟურნალისტის, ვახო სანაიას მიერ ფეისბუქზე გავრცელებულ ფოტოკადრებში ჩანს, რომ წვეულებაზე ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძეც იმყოფებოდა, რომელიც მანამდე პოლიციამ მცხეთიდან თბილისში ჩამოიყვანა და დიღომში ჩამოსვა. მიუხედავად იმისა, რომ მცხეთაში დაპირისპირება უკვე მომხდარი იყო და სავარაუდოდ, წვეულების მონაწილეებმა შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ იცოდნენ, მათ დაბადების დღის აღნიშვნა დილამდე გააგრძელეს.
თემქაზე გაგრძელებული წვეულების შესახებ საუბარი უჭირთ საქმეში მონაწილე დაკავებულების ადვოკატებს. გიორგი ფოფხაძე ამბობს, რომ ამის შესახებ მას ინფორმაცია არ აქვს, რადგან მისი დაცვის ქვეშ მყოფი თენგო ბარბაქაძე წვეულებაზე აღარ წასულა. უფლებადამცველი მედიაში გასაჯაროვებულ იმ მიმოწერასაც გამოეხმაურა, სადაც ბარბაქაძე მეგობარ გოგონას წერდა და გამოთქვამდა შიშს, რომ შესაძლოა მომხდარის გამო ის დაეჭირათ.
გახმაურებული საქმის მასალებიდან ასევე ირკვევა, რომ თეთრი პერანგი, რომელიც ტრაგედიის ღამეს ვახო ახვლედიანს ეცვა და რომელზეც სისხლის კვალი მაყურებლისთვისაც ადვილად შესამჩნევი არის, საქმის მასალებს თან არ ერთვის. ახვლედიანის ადვოკატი ირწმუნება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს სისხლი ბუჩქებში დამალვისას მიღებული ნაკაწრების დროს წამოუვიდა, თბილისში დაბრუნების შემდეგ კი ის ნაგვის ურნაში გადააგდო.
საგამოძიებო უწყების მიმართ კითხვები ამით არ სრულდება – აღმოჩნდა, რომ პოლიცია ფაილებში პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო კადრებსაც ინახავს. სკანდალური განცხადება საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის, არჩილ გაგნიძის ადვოკატმა გააკეთა, რომელმაც აღნიშნა, რომ საქმის მასალების გამოთხოვნის შემდეგ გამოძიებამ მათ ეს კადრები შეცდომით გადასცა მოგვიანებით კი იმ დოკუმენტზე ხელის მოწერა მოსთხოვა, რომლითაც მათ ამ ვიდეოკადრების გავრცელება აეკრძალებოდათ.
გიორგი შაქარაშვილის ცხედრის პოვნიდან 16 დღის შემდეგ მთავარი კითხვები კვლავ პასუხგაუცემელია. ამ დრომდე უცნობია ჰქონდა თუ არა სპოროტსმენს გარდაცვალებამდე რაიმე სახის დაზიანება – ექსპერტიზა დროში იწელება. შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ პოლიციას სპორტსმენის ოჯახმა 19 ივნისს დაახლოებით 11 საათზე აცნობა. დაკარგული 19 წლის ფეხბურთელი 4 დღიანი ძების შემდეგ მაშველებმა მდინარე არაგვში იპოვეს. ახალგაზრდა ბიჭის კვალი სწორედ არაგვის მიმდებარე ტერიტორიაზე იკარგებოდა. ახალგაზრდა ფეხბურთელის საქმეზე 17 პირია დაკავებული.