“მადლობელი ვარ ევროპის მხრიდან ასეთი აღიარებისა და სოლიდარობისთვის” – ამ განცხადებით აფასებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი “ევროპის სახალხო პარტიის” ყრილობას და იმედს გამოთქვამს, რომ იმ დიდი უბედურების მიუხედავად, რაც საქართველოს დაატყდა თავს ოლიგარქიული რეჟიმის სახით, საქართველო გააგრძელებს ევროკავშირისკენ სვლას. მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ წერილში აღნიშნავს, რომ უპრეცედენტო მოვლენას ჰქონდა ადგილი, როცა მისი სკამი როტერდამში, ყრილობის დარბაზში, დადგეს იულია ტიმოშენკოს სკამის გვერდით, რომელიც უსამართლო ტყვეობიდან ხალხის ერთობამ იხსნა.
„ევროპის სახალხო პარტიის” პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა მიხეილ სააკაშვილს წერილი 6 მაისს გამოუგზავნა და ის ყრილობაზე მიიწვია. პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართვა დონლად ტუსკმა წაიკითხა. ღონისძიების მონაწილეებს ტუსკმა უთხრა, რომ ამჟამად სააკაშვილი პატიმარია. „ევროპის სახალხო პარტიის” ყრილობაზე სიტყვით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია გამოვიდა. მოგვიანებით, ევროპის სახალხო პარტიამ განცხადებაც გაავრცელა სადაც ნათქვამია, რომ “ევროპის სახალხო პარტია” საქართველოში მიმდინარე პროცესებით შეშფოთებულია და ბოლო წლებში საქართველოში დემოკრატიული პროცესები შეფერხდა.