ამერიკის შეერთებული შტატების მორიგი დახმარება უკრიანას – ომში მყოფი ქვეყანა უფრო თანამედროვე სარაკეტო სისტემებსა და საბრძოლო მასალას მიიღებს. შტატების პრეზიდენტმა „ნიუ იორკ თაიმსში“ ოფიციალური პოზიცია გამოაქვეყნა. ჯო ბაიდენი კონკრეტულ სარაკეტო სისტემას არ ასახელებს, თუმცა თეთრი სახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, რომ უკრაინა ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს მიიღებს. ბაიდენის თქმით, შეერთებული შტატების მიზანია დემოკრატიული, დამოუკიდებელი, სუვერენული და აყვავებული უკრაინა იხილოს, რომელსაც თავის დასაცავად და შემდგომი აგრესიის შესაკავებლად შესაბამისი რესურსები აქვს. ჯო ბაიდენი ხაზს უსვამს, რომ შეერთებული შტატები არ აპირებს, პირდაპირ ჩაერთოს რუსეთთან კონფლიქტში, შტატები არ აძლევს უკრაინას ქვეყნის საზღვრებს მიღმა იერიშის მიტანის უფლებას. პრეზიდენტის განცხადებით, ამერიკის ოფიციალური პირები ამჟამად ვერ ხედავენ იმის ნიშანს, რომ რუსეთი უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენებას აპირებს, თუმცა, მისი თქმით, რუსეთის რიტორიკა ბირთვული იარაღის მუქარასთან დაკავშირებით საშიში და უკიდურესად უპასუხისმგებლოა.
“ჩვენ NATO-სა და რუსეთს შორის ომი არ გვინდა. რამდენადაც მე არ ვეთანხმები ბატონ პუტინს და მისი ქმედებები აღშფოთებას იწვევს, შეერთებული შტატები არ შეეცდება მოსკოვში მის ჩამოგდებას. მანამ, სანამ შეერთებულ შტატებს ან ჩვენს მოკავშირეებს თავს არ დაესხმებიან, ჩვენ არ ვიქნებით უშუალოდ ჩართული ამ კონფლიქტში, არც ამერიკული ჯარების გაგზავნით უკრაინაში საბრძოლველად, არც რუსეთის ძალებზე თავდასხმით. ჩვენ არ ვამხნევებთ და უკრაინას მის საზღვრებს მიღმა თავდასხმების წარმოების საშუალებას არ ვაძლევთ. ჩვენ მხოლოდ რუსეთის დასაზიანებლად ომის გახანგრძლივება არ გვინდა. მე ვიცი, რომ მსოფლიოში ბევრი ადამიანი შიშობს, იქნება თუ არა გამოყენებული ატომური იარაღი. ჯერჯერობით ჩვენ ვერ ვხედავთ ვერავითარ ნიშანს, რომ რუსეთი უკრაინაში ატომური იარაღის გამოყენებას გეგმავდეს. ამის მიუხედავად, რუსეთის რიტორიკა, რომელიც დრო და დრო ატომური იარაღით იმუქრება, თავისთავად საშიში და უპასუხისმგებლოა,” – განაცხადა ჯო ბაიდენმა.