“ნინოწმინდის პანსიონში აღსაზრდელების მიმართ განხორციელებული ძალადობის, წამების და სექსუალური შევიწროების სავარაუდო ფაქტებზე გამოძიება ფორმალურია და ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიების მინიმალურ სტანდარტებსაც კი ვერ აკმაყოფილებს,” – ამის შესახებ აღსაზრდელთა საქმეებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ისაუბრეს. უფლებადამცველები ამბობენ, რომ ერთი წლის შემდეგ გამოძიება რელევანტური კვალიფიკაციით არ მიმდინარეობს, აღსაზრდელებს ამ დრომდე არ მიუღიათ დაზარალებულის სტატუსი, ადვოკატებს კი ჯერ კიდევ არ აქვთ საქმის მასალებზე წვდომა. ამ ყველაფრის მიზეზად ისინი სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან საპატრიარქოს მიმართ ლოიალობას ასახელებენ. უფლებადამცველები პასუხისმგებელი უწყებებისგან ერთი მხრივ, საქმის დროულ და ეფექტიან გამოძიებას, აღსაზრდელების დაზარალებულად ცნობას, საქმის კვალიფიკაციის შეცვლას მოითხოვენ, მეორე მხრივ კი ყოფილი აღსაზრდელების ფსიქოლოგიურ და სოციალურ მხარდაჭერას, სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში.
ნინოწმინდის პანსიონი საზოგადოების ყურადღების ცენტრში 2021 წლის 2 ივნისს, სახალხო დამცველის ხმაურიანი განცხადების შემდეგ მოექცა. ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, 2016-2021 წლებში, პანსიონში, სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე, მათ შორის, სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზე, ოთხი საქმე იყო აღძრული. მალევე, გარდა ამ ოთხი საქმისა, ბავშვთა პანსიონში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე, გამოძიება დაიწყო. ინფორმაციის გავრცელებიდან ორ კვირაში, სხალთელმა მთავარეპისკოპოსმა სპირიდონ აბულაძემ, რომელიც წლების განმავლობაში არ აძლევდა სახალხო დამცველის წარმომადგენლებს პანსიონის ტერიტორიაზე შესვლის უფლებას, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა პანსიონის დირექტორის თანამდებობა და მისი ადგილი ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა დაიკავა.