“ბორჯომის” ორი ჩამომსხმელი ქარხნის 400-მდე თანამშრომელმა დილის 06:00 საათიდან უვადო გაფიცვა გამოაცხადა. გაფიცულთა ნაწილი ახლაც ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფება. მოთხოვდა, უკანონოდ გათავისუფლებული 50 ადამიანის სამსახურში აღდგენა, ხელფასების 25%-ით მომატება, ვადიანი ხელშეკრულებებიდან უვადო ხელშეკრულებებზე გადასვლა და კოლექტიური შეთანხმების გაფორმებაა. როგორც „ბორჯომის“ ჩამომსხმელი N1 ქარხნის დირექტორი ამბობს, არსებული კრიზისის გათვალისწინებით, ხელფასების 25%-იან ზრდაზე საუბარი, არარეალური მოთხოვნაა და მიზანმიმართულად აზიანებს წარმოების პროცესს.
კომპანია “ბორჯომს” პრობლემები მას შემდეგ შეექმნა, რაც მისი მფლობელი, რუსი მილიარდერი- მიხაილ ფრიდმანი- საერთაშორისო სანქციების ქვეშ მოხვდა. ქარხნიდან დაითხოვეს 49 თანამშრომელი. 1000-მდე დასაქმებული კი კომპანიის ხელმძღვანელობასთან მედიაციის პროცესში ჩაერთო. 19 მაისს „ ბორჯომის“ მაკონტროლებელმა კომპანიამ საქართველოს მთავრობას წილების ნაწილის უსასყიდლოდ გადაცემა შესთავაზა. 21 მაისს კი პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მედიასთან აღნიშნა, რომ კომპანია “ბორჯომის” წილს საქართველოს საჩუქრად გადასცემენ და ოპერირებაში პრობლემა აღარ შეექმნებათ.