რატომ არ წავიდნენ მოსამართლეები ფლორიდაში კვალიფიკაციის ასამაღლებლად – ხელისუფლების მიმართ გაჩენილ კითხვებს, ირაკლი კობახიძე პასუხობს. მმართველი გუნდის თავმჯდომარე ამბობს, რომ ანტიდასავლური პოლიტიკური ძალა ამერიკის საელჩოს ბრალს სდებს მოსამართლეებზე ზემოქმედებაში. საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე, ლაშა ჩხიკვაძე ამერიკის საელჩომ პროგრამიდან მოხსნა. რამდენიმე დღეში კი ცნობილი გახდა, რომ შტატებში ტრენინგზე კიდევ 5 მოსამართლე არ წავიდა. “ოცნების” თავმჯდომარის თქმით, მოსამართლეებს არ ჰქონიათ არანაირი მიზეზი რომ მათ მიეღოთ გადაწყვეტილება და ამერიკის შეერთებულ შტატებში გადამზადების პროგრამისთვის არ წასულიყვნენ.
„ამერიკის საელჩოში არავინ იკადრებდა დისკრიმინაციას, რადგან ჯეფერსონის სამშობლოში კარგად იციან სასამართლოს დამოუკიდებლობის ფასი“ – ასეთია ირაკლი კობახიძის პასუხი.
სასამართლოს ე.წ კლანისა და ხელისუფლების კავშირზე საუბრობენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. იურისტები, რომლებიც წლების განმავლობაში აკვირდებიან მართლმსაჯულების სისტემას და სასამართლოს მუშაობას, ამბობენ, რომ ეს ცალკეული მოსამართლეების მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ ყოფილა და სასამართლო კლანისა და ხელისუფლების ერთობლივი მუშაობის შედეგია.
“კლანი ქმედებაში” – ასე აფასებს ოპოზიცია მოსამართლეების ე.წ. სოლიდარობას. ამბობენ, რომ ირაკლი კობახიძის გზავნილი, ხელისუფლების მხრიდან, სასამართლო ხელისუფლებაზე ზემოქმედების პირდაპირი ლუსტრაციაა.